პირველი ლიგა | გურულებმა მდგომარეობა გაირთულეს

პირველ ლიგაში ორი გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან გამორჩეული ‘ტაო’-‘არწივების’ დაპირისპირება გახლდათ. გურულები, დაკარგული ქულებით ლიდერ ‘არმიას’ უთანაბრდებოდნენ და პოტენციურად თანალიდერის სტატუსის შესანარჩუნებლად ბონუსით გამარჯვება აძლევდათ ხელს, მესხთათვის კი მოწინავე კვარტეტში დასამკვიდრებლად თითოეულ ქულას ასევე „ოქროს“ ფასი აქვს.

სამცხე-ჯავახეთში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ‘ტაოს’ საშინაო შეხვედრათა გამართვა დროებით საკუთარი რეგიონის მიღმა უხდება, რის გამოც მესხები გურულებს დედაქალაქში, „რაგბი პლატოზე“ დაუხვდნენ. თამაშის უკეთესი ორგანიზაციისა და რაციონალური გარჯის ხარჯზე მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას ბიჭებმა მატჩის დებიუტშივე მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს და ‘არწივები’ ოდენ ნუგეშ-ქულას დააჯერეს – 20:14.

პირველ ნახევარში ‘ტაოს’ მგეზავ ოთარ ტალახაძის გატანილ 5 ჯარიმას, გურულებმა ბურჯ ლაშა ხმელიძის ლელო დაუპირისპირეს, რომლის გარდასახვა სტუმართა გამოცდილ მგეზავ ბახვა კობახიძეს არ გაჭირვებია. მეორე ტაიმის შუაწელს მარბიელ გიორგი კბილაშვილის ლელოთი მესხებმა უპირატესობა გაიღრმავეს. ‘არწივებმა’ მეორე ნახევარში შედეგიანი შეტევის განხორციელება მატჩის მიწურულსღა მოახერხეს. ლელო ამჯერად შუამარბმა გივი ცინცაძემ გაიტანა, კობახიძემ კი ზუსტი გარდასახვით გურულებს მხოლოდ 1 ქულა არგუნა. მართალია, ამჯერზე ‘ტაოს’ ფულბეკმა გოშა შკინინმა ლელოს გატანა ვერ მოახერხა, თუმცა 41 წლის გამოჩენილი ბორჯღალოსანი, თანაგუნდელ ჰავბეკ სერგო ყურაშვილთან ერთად მოედანზე საუკეთესო გახლდათ.

‘ტაომ’ სეზონში მეცხრე შეხვედრა მოიგო და 46 ქულით ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ ‘ხვამლს’ გაუტოლდა, თუმცა მუხიანელები მესხებს პირისპირ ბალანსით ჯაბნიან და თან თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ‘არწივები’ კი 43 ქულით ჯერჯერობით მეოთხე ადგილზე რჩებიან, თუმცა დაკარგულ ქულათა ოდენობის გათვალისწინებით მეორე ადგილზე ანაცვლების შანსი გააჩნიათ.

ლიგის კიდევ ერთი გადადებული შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. ‘ბაგრატმა’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ უმასპინძლა. ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდების დაპირისპირებაში ხელმოცარული გუნდი პლეი ოფის ზონაში (მოწინავე კვარტეტი) მოხვედრის შანსს პრაქტიკულად კარგავდა.

დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მატჩის დებიუტში შუამარბ გიორგი გობეჯიშვილის ლელო, მასპინძელთა ფულბეკმა საბა ხელაძემ გარდასახა და ‘ბაგრატი’ 7-ქულიანი უპრატესობით დაწინაურდა. ტაიმის შუაწელს გარე კახელთა მიძალება კვაჭ გოჩა დიასამიძის ლელოთი დასრულდა, რომლის გარდასახვა სტუმრებს გაუცუდდათ – 7:5.

მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში უკეთ ‘ვეფხვები’ გაისარჯნენ. გარე კახელებმა ოვალი კარგად გაშალეს, რასაც მარბიელ გიორგი ჭონქაძისა და ფრთა გიორგი ზუკაკიშვილის 2 ლელო მოჰყვა. ზუკაკიშვილმა აქტივს თითო გარდასხვა და ჯარიმაც შემატა, რამაც სტუმრები გამარჯვებას მიუახლოვა. დარჩენილ დროში დიდი მცდელობის მიუხედავად ‘ბაგრატმა’ ბოლო წუთზეღა მოახერხა კიდევ ერთი ლელოს გატანა. მოლიდან ატაცებული ოვალი რიონისპირელთა ფრთა გიორგი ფხაკაძემ ლელოდ აქცია და საკუთარი გუნდი ოდენ ნუგეშს დააჯერა – 15:20.

სეზონში მე-8 გამარჯვებით ‘ვეფხვებმა’ ‘ბაგრატს’ ცხრილში ადგილი გაუცვალა, მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა და პლეი ოფში მოხვედრის გარკვეული შანსიც შეინარჩუნა. დამდეგ უქმეებზე ლიგაში კვლავ რიგი გადადებული შეხვედრები გაიმართება, რომელთა შორის განსაკუთრებულ ინტერესს რუსთავში, ‘ვეფხვებისა’ და ‘არწივების’ დაპირისპირება იწვევს.