პირველი ლიგა | გურულებმა ლიდერობა შეინარჩუნეს

პირველი ლიგის მეექვსე ტურის შემდეგ ოზურგეთის ‘არწივებმა’ ლიდერობა და მდევარ ‘არმიასთან’ 3-ქულიანი „ჰანდიკაპი“ შეინარჩუნა. ‘ტაომ’ სეზონში პირველი მარცხი იწვნია და მესამე ადგილზე დარჩა. ‘იუნკერებმა’ კი პლეი ოფის ზონაში, მოწინავე კვარტეტში აინაცვლეს. ‘ბაგრატის’ მორიგმა გამარჯვებამ პირველობის აუტსაიდერად ‘ბორჯომი’ აქცია. აღსანიშნავია, რომ მე-5 და მე-9 ადგილოსნებს ცხრილში სულ 5 ქულა აშორებთ.

‘ტაო’-‘არწივების’ ტურის გამორჩეული შეხვედრა ასპინძაში გაიმართა. მესხები პირველობის ლიდერს დიდი საკადრო პრობლემებით დაუხვდნენ. ‘ტაოს’, დისკვალიფიკაციის გამო ძირითადის 4 მორაგბე აკლდა, მათ შორის ორივე წამყვანი ბურჯი. მასპინძელთა მდგომარეობა მეორე ტაიმში არასრულფასოვანმა მარქაფამ და გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ჩინებულად მობურთავე ფიჯელი მარბიელის რატუ ნაკიკას მიღებულმა ტრავმამ დაამძიმა. აღნიშნულმა ფაქტორებმა და მესხების გადაღლამ, შეხვედრის ბოლო 30 წუთში გურულები მოედანზე სრულად გააბატონა.

‘ტაომ’ პირველი ნახევარი, მგეზავ გიორგი ჯღამაისა და ფრთა ბექა ზუმბაძის ლელოთა წყალობით 4-ქულიანი სხვაობით მოიგო. ჯღამაიამ ორივე ლელო გარდასახა, 3 ჯარიმაც ზუსტად დაარტყა, რასაც გურულებმა თავიანთი აფრიკელი ლეგიონერების შედეგიანი თამაში და მთლიანობაში 5 გატანილი ლელო დაუპირისპირეს.

პირველ ტაიმში ფულბეკ დავიან სვანეპოელის დადებულ ლელოს, მეორე ნახევარში თანაგუნდელებმა 4 ლელო (ბურჯი კახა დარბაიძე, შუამარბი ლაშა დონაძე, მარბიელი ილისონი გალალა და შუამარბი ლუნდი რალარალა) წაუმატეს. 5-ივე ზუსტად შესრულებულ გარდასახვას, ‘არწივების’ აფრიკელმა მგეზავმა მარვინ ფრედერიკსმა 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო. პრემიალური ქულის მომტანი ლელო ლუნდი რალარალამ მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე გაიტანა – 41:23.

პირველობის კიდევ ერთი ფავორიტი ‘არმია’, ჭიათურის ცენტრალურ სტადიონზე ‘მათეს’ დაუპირისპირდა. ზემო იმერლებმა ჯეროვანი წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველ ტაიმში მოახერხეს, რომლის მიწურულს მასპინძელთა შუამარბ ნიკა მაჭარშვილის გატანილი ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 7-ქულამდე შეამცირეს.

„არმიელთა“ უპირატესობა განსაკუთრებთ მეორე ნახევარში გამოიკვეთა. ლევან ობოლაძის ბიჭები მასპინძლებს სტატიკაში აღემატებოდნენ, დერეფანშიც უკეთ გამოიყურებოდნენ და არც ხელდახელ ოვალის სწრაფ გათამაშებას აყოვნებდნენ. ფავორიტმა ზემო იმერლებს მთლიანობაში 8 ლელო დაუდო და დაგეგმილი პრემიალური ქულაც უპრობლემოდ აიღო. „დუბლით“- სტუმართა შუამარბი გიორგი გელაშვილი და ფრთა ბექა მაჭარაშვილი გამოირჩნენ. ‘მათემ’ ბოლომდე იბრძოლა და ბოლო წუთებზე ნიკა მაჭარაშვილმა თავისი მეორე გატანილი ლელოთი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 50:17.

ცხრილში მეზობლად მყოფების, ‘იუნკერებისა’ და ‘არმაზის’ შეხვედრამ „ავჭალა არენაზე“ ფიცხელ ბრძოლაში ჩაიარა და მიუხედავად იმისა, რომ ‘არმაზმა’ მეტოქეზე 1-ით მეტი, 3 ლელო გაიტანა, მხოლოდ ნუგეშ-ქულის აღება მოახერხა. ქვემო ქართლელები შერკინებასა და რაქებში მიღებულმა ხშირმა ჯარიმებმა დააღალატა, რითაც კიკეთელებმა მაქსიმალურად ისარგებლეს.

‘არმაზმა’ პირველი ნახევარი კვაჭ საბა კურატიშვილის წყვილი გარდასახული ლელოების წყალობით 4 ქულით მოიგო და ანგარიშში მინიმალურ უპირატესობას მატჩის მიწურულამდე ინარჩუნებდა. ‘იუნკერთა’ მხტომელ გივი რომელაშვილის ლელოს, მეორე ტაიმში თანაგუნდელი შუამარბის ლევან ბერძენიშვილის დადებული ლელოც მოჰყვა. ზუსტ გარდასახვებთან ერთად, კიკეთელთა ფულბეკმა არჩილ იაშაღაშვილმა 4 ჯარიმაც ძელებს შუა გაატარა და საკუთარ გუნდს სეზონში მესამე გამარჯვება არგუნა – 26:21.

გამარჯვებათა იშტაზე მოსულმა პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ ბონუსით მიჯრით მეორე შეხვედრა მოიგო. გარე კახელებმა უშანსოდ ამჯერზე „ავჭალა არენაზე“, ნომინალური მასპინძლის როლში მყოფი ‘ბორჯომი’ დატოვეს – 40:7. გარე კახელები უპირატესობას სტატიკაში ფლობდნენ და თორელებს დერეფანშიც ჯაბნიდნენ.

მორკინალთა აქტიურობამ ზვიად ცუხიშვილის შეგირდები პირველ ნახევარში 4-გზის ახეირა. ‘ვეფხვების’ კვაჭმა გიორგი გოგუაძემ და მხტომელმა დავით თარხნიშვილმა ტაიმი „დუბლით“ ჩაამთავრეს. მეორე ნახევარში პატარძეულმა ხელდახელ თამაშს უმატა, რასაც შუამარბ გიორგი შერმადინისა და ფრთა შოთა შალვაშვილის ლელოები მოჰყვა. აუტსაიდერმა „მშრალი“ ანგარიშით მარცხს თავი ფულბეკ გიორგი ჩახვაძის მეორე ტაიმში დადებული ლელოთი დააღწია.

გორში, ჭალის დასახლებაში ადგილობრივმა ‘გორმა’ ქუთაისის ‘ბაგრატს’ 2-ით მეტი, 3 ლელო დაუდო, თუმცა ნიკო ჭავჭავაძის შეგირდები მხოლოდ ნუგეშ-ქულას გამორჩნენ. ტოლ-სწორ მეტოქეთა დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რომლის გამარჯვებული მატჩის ბოლო დარტყმამ გაარკვია. შიდა ქართლელთა ფრთა ბექა ბრეგვაძემ „დუბლი“ შეასრულა, რასაც მასპინძელთა დამრიგებლის ვაჟისა და კაპიტნის გიორგი ჭავჭავაძის ლელოც დაერთო.

მართალია, რიონისპირელები ფრთა საბა ხელაძის პირველ ტაიმში გატანილ ეულ ლელოს დაჯერდნენ, თუმცა გაგა გურეშიძის შეგირდები მეტოქეზე პრაგმატულად და რაციონალურად ირჯებოდნენ. ‘ბაგრატის’ მგეზავმა ზვიად ოდიშარიამ გარდასახვასთან ერთად, 5 ჯარიმაც გაიტანა და მატჩის ეპილოგში საკუთარი გუნდის 7-ქულიანი უპირატესობა უზრუნველყო. ‘გორი’ მარცხს არ ურიგდებოდა და პრაქტიკულად ბოლო შეტევაში ბრეგვაძემ თავისი მეორე ლელოს გატანა მოახერხა, თუმცა მარქაფადან ჩართულ მასპინძელთა ფულბეკ დათო მთვარაძეს მახვილი კუთხიდან ანგარიშის გამთანაბრებელი დარტყმა გაუცუდდა – 22:20.