პირველი ლიგა | ‘არწივებმა’ რეგულარულ სეზონში ვადამდე იპირველა

ოზურგეთის ‘არწივებმა’ სეზონის მე-16 შეხვედრაც მოიგო (მათ შორის 14 ბონუსით) და რეგულარულ სეზონში პირველი ადგილი შეჯიბრების დამთავრებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა. დებულების თანახმად, ჯგუფური ეტაპის გამარჯვებული ‘არწივები’ შესარჩევ ფინალს მეორე ადგილოსანი ‘არმიას’ წინააღმდეგ საკუთარ არენაზე გამართავს. მიჯრით მეხუთე მოგებამ ‘ვეფხვები’ მესამე პოზიციაზე მყოფ ‘არმაზს’ გაუტოლა, თუმცა ქვემო ქართლელები მოწინავე სამეულში ადგილს უკეთესი პირისპირ ბალანსით ინარჩუნებენ.

სეზონში მე-7 მარცხმა ‘ტაო’ საბოლოოდ მეხუთე ადგილზე დატოვა. პლეი ოფის ვაკანტური საგზურის მოპოვების შანსს კვლავ 4 გუნდი ინარჩუნებს, რომელთა შორის მე-6 პოზიციაზე მყოფ ‘გორსა’ და პლეი აუტის ადგილზე ჩანაცვლებულ ‘მათეს’ შორის სხვაობა 6 ქულაა. შიდა ქართლელებს, ‘იუნკერები’ და ‘ბაგრატი’ შესაბამისად 2 და 5 ქულით ჩამორჩებიან. აუტსაიდერი ‘ბორჯომი’ კი პირველ ლიგას ოფიციალურად გამოეთხოვა.

ტურის გამორჩეული შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში გაიმართა. გაზაფხულის დარიანმა ამინდმა ‘ტაოს’ მშობლიური ასპინძის სარაგბო არენაზე თამაშის ჩატარების შესაძლებლობა 4-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად მიეცა. პრინციპულ მეტოქე ‘არმიას’ ძლევის შემთხვევაში, მესხები მესამე ადგილის დაკავების გარკვეულ შანსს  ინარჩუნებდნენ, რაც ‘ტაოს’ პლეი ოფის საწყის 2 ეტაპზე მოედნის უპირატესობას მოუტანდა.

მართალია, ‘ტაომ’ მარბიელ რატუ ნაკიკას დადებული ლელოთი დაწინაურება მოახერხა, თუმცა დარჩენილ დროში შეხვედრას სრულად ‘არმია’ აკონტროლებდა. ლევან ობოლაძის შეგირდებმა მესხებს 4 ლელო გაუტანეს და მატჩი ბონუსით – 32:5 მოიგეს. „არმიელთა“ კაპიტანმა რამაზ ხარაზიშვილმა დადებულ ლელოს, 3 გარდასახვა და 2 გატანილი ჯარიმაც მიაყოლა და შეხვედრის ყველაზე შედეგიან მოთამაშედ იქცა. „არმიელთაგან“ კიდევ 3 ლელო ფიჯელმა ლეგიონერებმა: ფრთა დაგლას კინმა, შუამარბმა ტაი სქურმა და მარბიელმა კოლინიო თამანიტოაკულამ გაიტანეს.

თეთრიწყაროს ‘იუნკერები’ პირველობის ლიდერ ‘არწივებს’ „ავჭალა არენას“ ხელოვნუსაფარიან მოედანზე დაუხვდა. პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლი კიკეთელები მხოლოდ ფრთა ლევან თომაძის გატანილ ეულ ჯარიმას დაჯერდნენ და საცხრილო ქულების გარეშე დარჩნენ. გურულები პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ და სტატიკაში მოპოვებულ უპირატესობას, ხაზის მოთამაშთა გარჯასაც კარგად უხამებდნენ. ‘არწივებმა’ მეტოქეს 7 უპასუხო ლელო დაუდო. „დუბლით“ ‘არწივების’ ფიჯელი მარბიელი ილისონი გალალა გამოირჩა, ვისმა მეორე გატანილმა ლელომ გურულების დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა – 45:3.

გორში, ‘გორი’-‘არმაზის’ აღმოსავლური დერბი დაძაბული და უხვქულიანი გამოდგა. შიდა ქართლელები მარბიელ ტარიელ ბერუაშვილის ლელოთი მატჩის დებიუტში დაწინაურდნენ, რის შემდგომ შეხვედრის დიდი ნაწილი ქვემო ქართლელთა უპირატესობით წარიმართა. აღნიშნულ პერიოდში ‘არმაზმა’ 5 ლელო გაიტანა, სტუმართა ბურჯმა გიორგი დანელიამ კი „ჰეთ-თრიკი“ გაახერხა. მატჩის მიწურულს  გორელთა კვაჭ კახა ციყელაშვილის გატანილმა ლელომ სტუმრებს პრემიალური ქულა არ დაანება, საკუთრივ კი შიდა ქართლელებმა ნუგეში აიღეს. მატჩი ‘არმაზის’ რთული გამარჯვებით დასრულდა – 31:27.

მოგებათა იშტაზე მოსული ‘ვეფხვების’ შეჩერება ‘მათემაც’ ვერ შეძლო. ზემო იმერლებმა გარე კახელებს საკუთარი ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლეს და დიდი ბრძოლის მიუხედავად ლელოთა გატანა მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხეს, რასაც მატჩის მსვლელობასა და საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

‘ვეფხვები’ უპირატესობას თამაშის უკეთესი ორგანიზაციის ხარჯზე ფლობდა. სტუმრები მოლსა და შერკინებაში რაციონალურად ირჯებოდნენ. ზვიად ცუხიშვილის ბიჭებმა მეტოქეზე 3-ით მეტი, 5 ლელოს დადება მოახერხეს. გარე კახელთა კვაჭმა გიორგი გოგუაძემ „დუბლი“ შეასრულა, ხოლო სტუმართათვის პრემიალური ქულის მომტანი ლელო ბურჯმა ალექსი მუჩიაშვილმა მატჩის მიწურულს გაიტანა – 41:17.

„ავჭალა არენამ“, ‘ბორჯომი’-‘ბაგრატის’ შეხვედრასაც უმასპინძლა. აუტსაიდერი თორელები ლიგაში დარჩენის შანსს მხოლოდ ბონუსით გამარჯვების შემთხვევაში ინარჩუნებდნენ. მატჩის ნომინალურმა მასპინძელმა ‘ბორჯომმა’ მედგრად იომა და მეორე ტაიმის დებიუტში ბურჯ ზურა აფციაურის მიჯრით დადებული წყვილი ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა.

შეხვედრის დარჩენილი ნაწილი კი კვლავ ‘ბაგრატის’ უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმის მსგავსად, სტუმრებმა 3 ლელოს გატანა მოახერხეს. მგეზავ ონისე ნიკოლაძისა და მარქაფადან ჩართული ბურჯის რუსლან გიგაშვილის ლელოთა წყალობით რიონისპირელებმა ჯერ სოლიდური სხვაობა დაიბრუნეს. მატჩის ბოლო წუთებზე კი ფრთა ზურა ჩხობაძის გატანილმა ლელომ ‘ბაგრატს’ გამარჯვება საშური პრემიით არგუნა – 40:19.