პირველი ლიგა | ‘არმია’ ლიდერობას ინარჩუნებს

პირველი ლიგის მესამე ტური კახური დერბით დაიწყო. თელავში, „კავკასიონი არენაზე“ ადგილობრივი ‘ჭადარი’ თანარეგიონელ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ დაუპირისპრდა. მიმდინარე სეზონში მეტოქეებს რადიკალურად განსხვავებული მიზნები აქვთ დასახული. თელავი ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ლამობს, გარე კახელები კი ელიტაში დაბრუნებაზე ზრუნავენ. ‘ვეფხვებმა’ სეზონში ჩატარებული ორივე  შეხვედრა ბონუსით მოიგო, ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიგის პოტენციურ ლიდერადაც გვევლინება.

მატჩი ‘ვეფხვების’ სრული უპირატესობით წარიმართა. ზვიად ცუხიშვილის შეგირდები მასპინძლებს კლასის ხარჯზე სტატიკაშიც და დინამიკაშიც აღემატებოდნენ. გარე კახელებმა ‘ჭადარს’ ტაიმებში 3-3 ლელო გაუნაწილეს და  შეხვედრა დაგეგმილი პრემიით – 34:11 მოიგეს. სტუმართა გამარჯვებას სათავე ბურჯ გიორგი ლაფერაშვილის ლელომ დაუდო, წერტილი კი შუამარბ ლაშა ბრეგვაძის ლელომ დაუსვა. ოპტიმალური შემადგენლობის ძიების პროცესში მყოფი ‘ჭადარის’ დამრიგებელი გია ჭუმბურიძე შეგირდთა როტაციას აგრძელებს და გუნდის თამაშის ხარისხიც მეთოდურად უმჯობესდება. მესამე მარცხის მიუხედავად, თელავმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. უნივერსალური თვისებების მქონე ლუკა ნაყეური გუნდის ლიდერად იქცა. 20 წლის ნაყეურმა ამჯერად ფულბეკის პოზიციაზე ითამაშა და საკუთარი გუნდის მიერ მოპოვებული 11-ივე ქულა (ლელო და 2 ჯარიმა) პირად აქტივში ჩაიწერა.

ასპინძაში, ‘ტაომ’ და ‘არმაზმა’ ლაღი ბურთაობა გააჩაღეს. უხვქულიანი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც პირველ ნახევარში უკეთ მესხები გამოიყურებოდნენ, მეტოქეს სტატიკაში აღემატებოდნენ და შესვენებაზეც 5-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ტაიმში კი ქვემო ქართლელებმა გარდატეხის შეტანა მოახერხეს, მესხებს შერკინებაში უპირატესობა გაუბათილეს და გადამწყვეტი უპირატესობა უკეთესი სათამაშო დისციპლინის ხარჯზე მოიპოვეს – 45:34.

მეტოქეებმა ჯამში 11 ლელო გაიტანეს, მათ შორის კი დიდი ნაწილი გაშლილი, ხელდახელ თამაშით იქნა დადებული. აღსანიშნავია, რომ ‘არმაზის’ ლელოთა საერთო მონაგარის (6  ლელო) ნახევარი, მატჩის გამორჩეული მოთამაშის, ქვემო ქართლელთა კვაჭ საბა კურატიშვილის ანგარიშსზეა.

ოზურგეთის ‘არწივებმა’ ლიგის ბინადართა შორის ყველაზე ახალგაზრდა გორის ‘ჯიქს’ გურიაში უმასპინძლეს და სეზონის პირველი გამარჯვებაც დაგეგმილი პრემიით გაიფორმეს – 60:7. გია ამირხანაშვილის შეგირდები შიდა ქართლელებს რაგბის ყველა კომპონენტში ჯაბნიდნენ და მთლიანობაში სტუმრებს 10 ლელოც დაუდეს. ‘არწივები’ სისწრაფეზე მოქმედებდნენ, ოვალს კარგად შლიდნენ და ლელოთა დიდი ნაწილი ხელდახელ თამაშით გაიტანეს. „დუბლით“ ფრთა დავით ჩაუჩიძე და შუამარბი ლაშა დონაძე გამოირჩნენ. ‘ჯიქმა’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხს თავი ტექნიკური ლელოს წყალობით დააღწია.

ქუთაისში, ‘ბაგრატმა’ ლიგის დებიუტანტ ‘ბორჯომს’ უმასპინძლა და 5 უპასუხო ლელოს მეოხებით, პრემიით 35:3 მოიგო. გაგა გურეშიძის ბიჭები აქცენტს შერკინებაზე აკეთებდნენ. სტატიკაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე კი ‘ბაგრატის’ უკანახაზელები ლელოს გატანას იოლად ახერხებდნენ. რიონისპირელთა ფულბეკმა საბა ხელაძემ პირველივე ტაიმში „დუბლი“ შეასრულა. მეორე ნახევარში კი ლელოს დადება ფრთა რატი ასათიანმა, მარბიელმა მიტო სალდაძემ და ფრთის კიდევ ერთმა მოთამაშემ გიზო ბენიძემ მოახერხეს.

‘ბორჯომმა’ მასპინძლებს წინააღმდეგობა მხოლოდ შეხვედრის დებიუტში გაუწია და მასპინძელთა ფრთა ბონდო ფრუიძის წყვილ ჯარიმას თორელთა მგეზავმა ლადო ეფხოშვილმა საპასუხო ჯარიმა შეაგება. ‘ბაგრატმა’ 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ‘არმაზსთან’ 3-4 ადგილებს ინაწილებს, თუმცა რიონისპირელებს სეზონში მხოლოდ 2 შეხვედრა აქვთ ჩატარებული.

ტურის გამორჩეული შეხვედრა მუხიანში გაიმართა. ‘ხვამლი’-არმიას’ დაპირისპირებამ სპეციალისტთა მოლოდინი გაამართლა. პირველ ნახევარში ფავორიტი ‘არმია’ მძიმედ გამოიყურებოდა. ხელოვნურ საფარიან მოედანზე ვარჯიშის შემდეგ „არმიელებს“ ბუნებრივ საფარიან არენასთან შეგუება აშკარად უჭირთ. თანაც ოპტიმალური შემადგენლობის ძიების პროცესში მყოფი ‘არმიელთა’ დამრიგებელი ბექა სხულუხია მოთამაშეთა როტაციას აგრძელებს და განვლილი შეხვედრის განაცხადში 8 ახალი მორაგბეც ჩართო. მუხიანელთა ახალგაზრდული გუნდი კი პოზიციურ გადაწყობას უკეთ ახერხებდა, სისწრაფეზე მოქმედებდა, რამაც დავით ცხვედიანის ბიჭებს ტაიმი – 17:14 მოაგებინა. აღსანიშნავია მუხიანელთა ფულბეკ კლავდიუს ხუციშვილის კარგი თამაში, მის მიერ შესრულებული „დუბლი“ და მატჩის დებიუტში მასპინძელთა მგეზავ ნიკა ცინცაძის საკუთარი ნახევრიდან გატანილი ჯარიმაც.

მეორე ნახევარში სხულუხიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა, რამაც „არმიელთა“ თამაშის ხარისხზე პოზიტიურად იმოქმედა. ‘არმიამ’ დაცვაში თამაში დაალაგა, უპირატესობა მოლსა და დერეფანში მოიპოვა, რაც მარბიელ გიორგი ნოდიას, შუამარბ გიორგი ხარშილაძისა და ჰუქერ ლაშა ხაჭვანის გატანილ ლელოებში აისახა – 33:24. შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე კი გიორგი ნოდია გახლდათ. „არმიელთა“ მარბიელი, დადებულ ლელოსთან ერთად, ხშირი ბოჭვებითა და გააზრებული თამაშით გამოირჩა. ‘არმიამ’ სეზონის მესამე შეხვედრაც მოიგო და 12 ქულით ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა.