პირველადი დახმარების სამედიცინო კურსი დიდი 10-ის კაპიტნებისთვის

რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსმა და ბორჯღალოსნების მთავარმა ექიმმა ნუცა შამათავამ, დიდი 10-ის კლუბების კაპიტნებს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ჩაუტარა.

მიზეზი მარტივია. როდესაც მოთამაშე მოედანზე ეცემა, ექიმის მისვლამდე მის დახმარებას თანაგუნდელები ცდილობენ. ამ დროს შესაძლოა არასწორმა მოქმედებამ დაზარალებულს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

„კაპიტნებმა და გუნდის იმ წევრებმა, რომლებიც მუდმივად არიან მოედანზე, ან გუნდთან ერთად, აუცილებლად უნდა იცოდნენ პირველადი დახმარება, რათა საჭიროების შემთხვევაში მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და თუ თავად ვერ დაეხმარებიან დაზარალებულს, არასწორი ქმედებებისგან მაინც დაიცვან ის და დაელოდნონ სამედიცინო სამსახურის მისვლას. გარდა ამისა, შიდა ჩემპიონატებში პრაქტიკულად არ გვყავს ტრავმირებული მოთამაშის მოედნიდან გამოყვანისთვის საჭირო ხალხი. შესაბამისად, კაპიტნები ჩაერთვებიან ამ პროცესში“ – ამბობს შამათავა.

სამედიცინო კურსს 7 კლუბის წარმომადგენელი დაესწრო. მათ ისწავლეს კისრის და კიდურების დაფიქსირება, დაზიანებული მოთამაშის სწორად გადატრიალება, სასუნთქი გზების გახსნა და ყველაფერი, რასაც პირველადი დახმარების კურსი მოიცავს.

 

„რადგან ეს ბიჭები არ არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პირველადი დახმარების კურსი მათთვის გასაგებ ენაზე ჩატარდა. სახალისო დღე გამოვიდა და ყველა კმაყოფილი დარჩა. მსმენელბმა თქვეს, რომ ბევრი რამ სხვა კუთხით დაინახეს. ისინი ვერ ხვდებოდნენ, რატომ ჭირდებოდა ტრავმირებული მოთამაშის მოედნიდან გაყვანას ამდენი დრო, ახლა კი ზუსტად იციან რა რატომ კეთდება“ – აღნიშნა ნუცა შამათავამ.