ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ფესტივალი ლენტეხში

გუშინ ლენტეხში ლეგენდარული მორაგბის, ქუთაისის ‘აიას’ (კაპიტანი) შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონის და თასის მფლობელის, ბორჯღალოსნების პირველი კაპიტნის, ოლეგ ლიპარტელიანის ხსოვნის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა.

მასში დასავლეთ საქართველოს 13-წლამდე მორაგბეთა 15-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ადგილობრივი ხელისუფლებიდან ფესტივალს ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გია) ონიანი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მხარის გუბერნატორი პაპუნა მარგველანი.

ლენტეხში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, გამგეობის თავმჯდომარე და ვეტერანი მორაგბე დავით კაჭარავა, ადმინისტრაციული დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი, რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი გაიოზ მონიავა, ვეტერანი ბორჯღალოსნები გია ლაბაძე (ბავშვთა რაგბის განვითარების კურატორი) და გიორგი ნემსაძე, ასევე ოლეგ ლიპარტელიანის მეგობრები, ‘აიას’ ძველი თაობის მორაგბეები.

ფესტივალის დასასრულს ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა ბავშვებს სამახსოვრო სიგელები, სათამაშო ბურთები, ჟურნალ rugby world Georgia-ს პირველი ნომრები და მაისურები გადასცეს.

სამომავლოდ, ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ლენტეხის ოლიმპიური მომზადების ცენტრის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, რის შემდეგაც ადგილობრივ სპორტსმენებს მოსამზადებლად უკეთესი პირობები ექნებათ.

იოსებ ტყემალაძე: „ოლეგ ლიპარტელიანი სიკეთის, სიყვარულის და წესიერების განსახიერება იყო. დღეს ამ დიდებული ადამიანის დღეა – მისი სახელობის ფესტივალი ჩატარდა. აქ არიან მისი მეგობრები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ. ისინი იხსენებენ, როგორი სიყვარულით იზრდებოდნენ და სწორედ ასე მიაღწიეს დიდ შედეგებს. ბატონი ოლეგის სახით, ამ ბავშვებს მისაბაძად კარგი მაგალითი აქვთ. ჩვენის მხრივ, ინფრასტრუქტურის კუთხით, არაფერს დავიშურებთ რათა ბავშვებს უკეთესი სავარჯიშო პირობები ქონდეთ“.

„ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ეს ადგილი უნიკალურია სპორტული ტურიზმისთვის და ამ კუთხითაც აუცილებლად ვიმუშავებთ. დღეს აქ ჩემთან ერთად არიან ლეგენდარული ბორჯღალოსნები – დავით კაჭარავა, გია ლაბაძე და გიორგი ნემსაძე. მათი უშუალო კონტაქტი ამ პატარა მორაგბეებთან უმნიშვნელოვანესია. ლეგენდები, რომლებსაც ტელევიზორში უყურებდნენ, პირადად აჯილდოვებენ მათ, სამახსოვრო ფოტოებს იღებენ. ვფიქრობ, სწორედ ასეთი ერთობით, დიდი შედეგებისკენ დავიწყებთ სვლას“.

გია ონიანი: „აქ მყოფ სტუმართაგან არ მეგულება ვინმე, ვისაც არ სმენია ამ ლეგენდარული მორაგბის სახელი. ის ფლობდა ყველა რეგალიას, რომელიც მისი თაობის დროინდელ რაგბში არსებობდა. არ არსებობს ქვემო სვანეთში ადამიანი, რომელიც არ ამაყობდეს ოლეგ ლიპარტელიანის ლენტეხური წარმომავლობით. რაგბის განვითარება ჩვენს მუნიციპალიტეტში ხელს შეუწყობს ახალგაზრდობაში ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. მე გისურვებთ, ისეთივე სახელოვანი და წარმატებულები ყოფილიყავით, როგორიც ოლეგ ლიპარტელიანი გახლდათ“.

თორნიკე გოგებაშვილი: „დღეს ლენტეხში კიდევ ერთი სარაგბო ზეიმის მომსწრენი გავხდით. შესანიშნავი დღეა აქ მყოფი თითოეული ბავშვისთვის და სტუმრებისთვის. ოლეგ ლიპარტელიანი ლეგენდარული ადამიანი იყო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ადგილობრივ სპორტს და მისი საქმის გასაგრძელებლად, ამ ლოკაციაზე ხარისხიანი სარაგბო ბაზის მოწყობა იგეგმება. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ეს პროცესი უმოკლეს პერიოდში დასრულდეს, ბავშვებს უკეთესი სავარჯიშო პირობები შევუქმნათ და ლიპარტელიანის დარი სპორტსმენები აღვზარდოთ.

გია ლაბაძე: „უკვე ტრადიციად იქცა და ლენტეხში ყოველ წელს იმართება ბატონ ოლეგ ლიპარტელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი. ეს ისტორიაა, წარსულის ცოდნა კი, მომავალი თაობისთვის უმნიშვნელოვანესია. მე ამ ფესტივალს პირველად ვესწრები და მოხიბლული ვარ აქაური გარემო-პირობებით. აქ არის სპორტული სკოლა, მოედანი, რომელიც უახლოეს პერიოდში განახლდება და კიდევ უფრო უკეთესი გახდება. რეგიონებში სპორტის განვითარება უმნიშვნელოვანესი საქმეა და მოხარული ვარ, რომ ამ შესანიშნავ კუთხეს ახალი, მაღალი დონის სპორტული ბაზა ექნება“.