მეტი ქალი რაგბში – თაგ-რაგბის მასშტაბური ფესტივალი „რაგბი პლატოზე“

2 აპრილს „რაგბი პლატოზე“ ქალთა თაგ-რაგბის მასშტაბური ფესტივალი გაიმართა. მსგავსი ტიპის ღონისძიება საქართველოში პირველად შედგა, თუმცა პოზიტიური შედეგებიდან გამომდინარე, ასეთი აქტივობა მომავალშიც აუცილებლად ჩატარდება.

„გამუდმებით ვფიქრობთ საქართველოში ქალთა რაგბის განვითარებაზე. არსებული რესურსი აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი და მას გამოყენება ჭირდება, უბრალოდ საჭიროა სწორი გზების პოვნა და მეტი გოგონას მოზიდვა. მიუხედავად იმისა, რომ მსურველებისთვის გახსნილები ვართ და ყველას შეუძლია რაგბში ჩართვა, რაღაც აშკარად არ იყო საკმარისი. გამოსავლის ძიებაში შევქმენით ფეისბუქ-გვერდი, რომელშიც უკვე 114 გოგონაა გაწევრიანებული. ჩვენ მათ ყოველგვარი ბარიერების გარეშე ვთავაზობთ უკონტაქტო და უსაფრთხო რაგბის თამაშს“ – ამბობს ჯაბა მალაღურაძე, 7-ქალას მთავარი მწვრთნელი და რაგბის კავშირთან ერთად, ქალთა თაგ-რაგბის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

თაგ-რაგბი უკონტაქტო თამაშია და წესები იმდენად მარტივია, რომ დებიუტანტს უმტკივნეულოდ შეუძლია ეზიაროს ოვალურ ბურთს. ამ ფესტივალის მიზანიც სწორედ ეს იყო – ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და რაგბის პოპულარიზაცია.

ფესტივალში ჯამში 60-ზე მეტმა გოგონამ და ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა დაახლოებით მესამედს, აქამდე რაგბი არასდროს უთამაშია. სასიხარულოა, რომ აქტივობებში ოჯახებიც (დედა და შვილი) ჩაერთვნენ და ერთად გაიზიარეს რაგბისგან მიღებული სიამოვნება.

„მსურველი ბევრად მეტი იყო, მაგრამ უამინდობის გამო ფესტივალი 1 დღით გადაიდო, რის გამოც რამდენიმე გოგონამ მოსვლა ვეღარ მოახერხა. მიუხედავად ამისა, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც გოგონებმა თავად დააორგანიზეს გუნდები. თაგ-რაგბის თამაშს ორი ძირითადი უნარი ჭირდება – ბურთის დაჭერა და სირბილი, ამიტომ ფესტივალში ისეთი გოგონები და ქალბატონებიც ჩაერთვნენ, რომელთაც მანამდე რაგბთან შეხება არ ქონდათ. იყვნენ ისეთებიც, ვინც სხვადასხვა დროს ჩართული იყო რაგბში. ყველას შეეძლო სათამაშოდ მეგობარი მოეყვანა და მთლიანობაში, დაახლოებით 20-მა გოგონამ და ქალბატონმა ამ დღეს პირველად ითამაშა რაგბი“ – აღნიშნავს მალაღურაძე, რომელიც მსგავსი ფესტივალების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს.