მეგობრობა თსუ-სთან და ორი ახალი სარაგბო მოედანი უნივერსიტეტის ქუჩაზე

საქართველოს რაგბის კავშირსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საუნივერსიტეტო კლუბებისა და ტურნირების განვითარებას ითვალისწინებს.

პირველ ეტაპზე რაგბის კავშირი უნივერსიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე 2 სარაგბო მოედანს მოაწყობს, ასევე დაეხმარება უნივერსიტეტს მწვრთნელთა ჯგუფის შექმნაში, რომელიც რაგბიში ახალგაზრდების სამოყვარულო თუ პროფესიული კუთხით ჩართვაზე იზრუნებს, ხოლო სასპორტო ჯგუფებში ჩართული სტუდენტების ხელშესაწყობად უნივერსიტეტი სათანადო სასწავლო რეჟიმს შეიმუშავებს.

მემორანდუმს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ თსუ-ს ბიბლიოთეკაში, ანთიმოზ ივერიელის დარბაზში მოაწერეს ხელი.

„ურთიერთმხარდაჭერით ამ მინდორზე ორი თანამედროვე მოედანი აშენდება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ქართული რაგბისთვის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღი თაობის აღზრდაზე და მათ სიახლოვე ქონდეთ განათლებასთან, განათლებას კი სპორტთან. მოგეხსენებათ, თბილისში საწვრთნელი ბაზების ნაკლებობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ ამ მხრივ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი. დიდი მადლობა ბატონ გიორგის და ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ჩვენის მხრივ, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მოედანი უმოკლეს ვადებში აშენდეს“ – თქვა იოსებ ტყემალაძემ.

„დღეს რაგბის კავშირთან მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას და რაგბის, როგორც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტის სახეობის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მოეწყობა ორი თანამედროვე დონის მიედანი, ერთი ბუნებრივი და ერთი ხელოვნური საფარით. დარწმუნებული ვარ, ამ მოედნებზე მორაგბეთა არაერთი თაობა გაიზრდება. ასევე ღრმად მწამს, რომ თსუ-ს 7-კაცა გუნდი, რაგბის კავშირის დახმარებით 15-კაცა გუნდად ჩამოყალბდება და ის დიდება, რომელიც საუნივერსიტეტო რაგბს და თსუ-ს გუნდს ქონდა, თავის საწყის დაუბრუნდება. რაგბი სჭირდება განათლების სისტემას და განათლების სისტემას – რაგბი“ – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, იოსებ ტყემალაძემ მასპინძლებს ბორჯღალოსნების ავტოგრაფებით დამშვენებული სათამაშო კვართი და ბურთი გადასცა.