მადლობა „კაჭი“! – ცენტურიონი რაგბს დაემშვიდობა

ბორჯღალოსანთა რეკორდსმენმა ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ცენტურიონმა დავით კაჭარავამ მოთამაშის კარიერა დაასრულა.

35 წლის მორაგბე დაემშვიდობა სანაკრებო და საკლუბო რაგბს, მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, ოჯახს, მშობლიურ კლუბ ‘ყოჩებს’, ნაკრებს და ზოგადად რაგბს… იმ ფასეულობებისთვის, რომელიც მას ამ საოცარმა თამაშმა მისცა.

დავით კაჭარავამ რაგბის თამაში ‘ყოჩებში’, ნუგზარ მალაღურაძესთან დაიწყო და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, პირველივე დღიდან „მოიწამლა“. ფიზიკური მონაცემების გარდა, ის გამოირჩეოდა კარგი ხედვით და ლელოს ალღოთი, დაცვაში კი განსაკუთრებით საიმედო იყო და სწორედ „კაჭის“ გამაქვავებელი ბოჭვები იყო ერთ-ერთი, რამაც ქართველ ქომაგს რაგბის მიმართ სიყვარული გაუღრმავა.

‘ყოჩების’ შემდეგ კარიერის განმავლობაში ‘ბასტიაში’, ‘ნიცაში’, ‘როდეზსა’ და ‘ენისეიში’ ითამაშა, საქართველოს ნაკრებში კი, 2006 წლიდან დღემდე 122 თამაში ჩაატარა და 25 ლელო გაიტანა.

„კაჭის“ სანაკრებო დებიუტი 2006 წლის 29 აპრილს, ოდესაში უკრაინის ნაკრებთან შედგა და მას შემდეგ ის გუნდის შეუცვლელ ფიგურად იქცა. ერთი წლის შემდეგ, ის ნაკრებთან ერთად 2007 წლის მსოფლიო თასზე გაემგზავრა და მსოფლიო თასებზე მონაწილეობის ისტორიაში, საქართველოს ნაკრების პირველ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა – ნამიბიასთან მატჩში ბურთი ჩაჭრა, ლელო გაიტანა და საბოლოო შედეგი (30:0) დააფიქსირა.

მას ოთხ მსოფლიო თასზე (2007, 2011, 2015, 2019) აქვს ნათამაშები და უმეტეს შემთხვევებში მოედანზე შეუცვლელად ირჯებოდა. დათოს ბორჯღალოსნებთან ერთად 11-ჯერ აქვს მოგებული რაგბი ევროპის ჩემპიონატი. ბოლო სანაკრებო მატჩი მან 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა, მეტის საშუალება კი COVID-19-ის პანდემიამ არ მისცა.

ბოლო პერიოდში კაჭარავა აქტიურად ემზადებოდა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე საქართველოს ნაკრებთან ერთად, თუმცა მოულოდნელად, მოთამაშის კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო…

საქართველოს რაგბის კავშირი, სარაგბო თემისა და გულშემატკივრების სახელით, წარმატებებს უსურვებს ქართველ ცენტურიონს – მადლობა „კაჭი“!

 

დავით კაჭარავას კარიერა ციფრებში