ლეგიონერები | ნაკლული ტური, გადადებული შეხვედრები და ქუბრიაშვილი ‘პერპინიენში’

საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში შვიდიდან ორი მატჩი კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო, პრო დე2-ში კი სამი გადადებული შეხვედრა შედგა.

ტოპ 14-ის მესამე ტურში, ქართველების ‘ბრივმა’ ‘პოს’ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს კაცნაკლული დარჩა, სეზონის მეორე გამარჯვება იზეიმა – 19:13. მასპინძელთა შორის პირველი ტაიმი ითამაშა და შესვენებისას შეცვალეს ოთარ გიორგაძე, თუმცა 62-ე წუთზე მას მოედანზე მოუწია დაბრუნება; სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ. ის მე-6 წუთზე თანაგუნდელს კარგად მიყვა, შეტევის მიმართულება შეცვალა და ‘ბრივმა’ თავისი ერთადერთი ლელო გაიტანა.

შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა და მეორე ტაიმი ითამაშა ლუკა ჯაფარიძემ, ხოლო ბადრი ალხაზაშვილი მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა. ‘ბრივს’ ‘კლერმონის’, ‘ტულუზის’ და ‘რასინგ 92’-ის მსგავსად 9 ქულა აქვს და ლიდერთა შორისაა.

 

 

‘სტად ფრანსე’ ‘ბეიონს’ ქართველი ბურჯებით დაუხვდა – ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და 63-ე წუთამდე ითამაშეს. მატჩის მიწურულს მელიქიძეს გაძევებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე დაბრუნება მოუწია. ‘ბეიონმა’ მასპინძლებს შეცდომები არ აპატია და 26:19 დაამარცხა.

‘ტულონი’ ‘ტულუზს’ ეწვია და 19:39 დამარცხდა. სტუმრებმა პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩაატარეს და 0:25 ჩამორჩნენ. შესვენების შემდეგ ‘ტულონის’ რიგებში ბექა გიგაშვილი გამოჩნდა და თამაშში აქტიურად ჩაერთო. სწორედ მან შეუნარჩუნა გუნდს დაკარგული ბურთი, რის შემდეგაც 49-ე წუთზე სტუმართა მეორე ლელო გავიდა. 62-ე წუთზე ბექამ რაქიდან ბურთი ამოიღო, რა დროსაც მას მეტოქე ეუხეშა და წითელი ბარათით დაისაჯა, თუმცა გიგაშვილი შესაცვლელი შეიქმნა.

‘ლიონმა’ ‘ბორდოს’ უმასპინძლა და 27:10 დაამარცხა. სტუმართა შორის პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა, ხოლო ბექა გორგაძე შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. გორგაძემ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა.

ტოპ 14-ის მესამე ტურის ორი თამაში COVID-19-ის პანდემიის გამო გადაიდო (‘ლა როშელი’ – ‘რასინგ 92’ და ‘მონპელიე’ – ‘კასტრი’). სამაგიეროდ, გასულ შაბათს გაიმართა პრო დე2-ის სამი გადადებული შეხვედრა.

‘რუანმა’ ‘კარკასონი’ მიიღო და 13:21 დამარცხდა. მასპინძელთა შორის 56-ე წუთიდან ითამაშა კარლენ ასიეშვილმა.

‘ოიონას’ რიგებში მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა ირაკლი მირცხულავამ. მისმა გუნდმა ‘მონტობანს’ უმასპინძლა და ბონუსით, 34:16 დაამარცხა. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთი ითამაშა.

ორიოდე დღის წინ პრო დე2-ის ‘პერპინიენთან’ გააფორმა კონტრაქტი ბორჯღალოსანმა დავით ქუბრიაშვილმა. ‘მონპელიეს’, ‘ტულონის’, ‘სტად ფრანსესა’ და ‘გრენობლის’ ყოფილი ბურჯი, გასული სეზონის შემდეგ, პანდემიის ფონზე უგუნდოდ იყო. 33 წლის მორაგბეს ნაკრების კვართით 47-ჯერ უთამაშია.

 

ფოტო: cabrive