თუშმა ჭაბუკებმა ბელგიის ტურნირი მოიგეს

ახმეტის ‘თუშებმა’ ბელგიის ქალაქ ტურნაუტში, არენდოკის ბაზაზე სამთა 7-კაცა ტურნირი მოიგეს.

ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ახმეტელმა მორაგბეებმა საერთაშორისო თამაშები ჩაატარეს. ‘თუშებმა’ მასპინძლებს, ბელგიის ‘პიტბულებს’ 26:7, ხოლო ნიდერლანდების ‘ოისტერსს’ 24:7 სძლიეს. 7-კაცა ტურნირის დასრულების შემდეგ, თუშები ბელგიელებთან გაერთიანდნენ და ნიდერლანდელები 15-კაცა რაგბში 41:0 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ 18-წლამდელთა ტურნირში თუშებს თავისზე უფროსი ასაკის მორაგბეების წინააღმდეგ მოუწიათ თამაში. 10-კაციან შემადგენლობაში მხოლოდ 3 იყო 2003 წელს დაბადებული, თითო-თითო 2004-2005 წლებში, ხოლო 5 2006 წელს.

‘თუშების’ დამფუძნებელი და მთავარი მწვრთნელი სოსო მიქელაძე ამ ვიზიტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ამბობს:

„მადლობა რაგბის კავშირს და ახმეტის მუნიციპალიტეტს, რომელთა დახმარების გარეშე ბელგიაში ჩვენი გამგზავრება ვერ მოხერხდებოდა, ასევე თუშ ემიგრანტებს, ჩვენს მეგობრებს, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ და ამ ერთობით შევძელით საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა. ბიჭებმა მიიღეს დიდი გამოცდილება და დაინახეს, რომ მონდომების შემთხვევაში, ევროპაში წარმატებით თამაში შეუძლიათ. გარდა ამისა, უკვე იგრძნობა ჩვენს რეგიონში რაგბის მიმართ დაინტერესების ზრდა. ჩვენს სოფელს მსგავსი ანალოგი არ ახსოვს და დიდი რეზონანსი გამოიწვია. სოფელი დიდი ზეიმით დაგვხვდა. მადლობა გია ლაბაძეს და გაიოზ მონიავას, ასევე თუშების სათემო საბჭოს, რომლებიც აეროპორტში დაგვხვდნენ. ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს მხარდაჭერა“.

ბელგიაში ითამაშეს: ოთარი ტოროლაშვილი, ლაშა მექვევრიშვილი, უჩა ლაგაზიძე, ლაშა დოინჯაშვილი, ირაკლი საგინაშვილი, ბაჩანა მარუქაშვილი, გიორგი იუკურიძე, გიორგი ბეწუნაიძე, ნიკოლოზ წოტოიძე, ლაშა ცუხურკაიძე (კაპ.).

მწვრთნელი: სოსო მიქელაძე

კოორდინატორი: დავით ბაგაური