თენგიზ ტურძელაძე, აიას ვეტერანი კვაჭი და ერთ-ერთი პირველი ბორჯღალოსანი, იუბილარია

ქუთაისის ‘აიას’ ლეგენდარულ კვაჭს და ერთ-ერთ პირველ ბორჯღალოსანს თენგიზ ტურძელაძეს, დღეს, 9 დეკემბერს 60 წელი შეუსრულდა.

თენგიზ ტურძელაძე „მსხვილი ბავშვი“ იყო და ჭაბუკობაში ორი წელი ჭიდაობაზე იარა, მერე კი მეზობლის, დუგლას კავთელიშვილისა და მეგობრების რჩევით, რაგბზე მივიდა, მაგრამ თავიდან სპორტის განსხვავებულ სახეობას ალღო ვერ აუღო და მალე დაანება თავი.

მაგრამ მეგობრები არ მოეშვნენ და მალე ნიჭიერი ახალგაზრდა რაგბს დაუბრუნდა. მან რამაზ სვანიძის ხელმძღვანელობით ქუთაისის ‘აიას’ ახალგაზრდულ გუნდში წელიწადნახევარი გაატარა,საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

1980 წლიდან ქუთაისის ‘აიას’ (იმჟამად ‘მშენებელი’) პირველ გუნდში დაუძახეს, სადაც შაკო ქურციკიძე და დუგლას კავთელაშვილი ავარჯიშებდნენ. მას შემდეგ ის რეგულარულად თამაშობდა და ქუთაისის ‘აიას’ უდიდესი წარმატებები, პირადად მის სახელსაც უკავშირდება. ~

თენგიზ ტურძელაძე ‘აიასთან’ ერთად სამჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1987-1989), თითო-თითოჯერ მოიპოვა ვერცხლის (1984) და ბრინჯაოს (1985) მედლები, ორჯერ კი საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1987, 1990) გახდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქუთაისელები სამჯერ – 1990, 1991 და 1995 წლებში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

ტურძელაძის თამაში უყურადღებოდ არ დარჩენიათ ნაკრების ხელმძღვანელობას და ბატონი თენგიზის საერთაშორისო დებიუტი მშობლიურ ქალაქში, ტუნისთან მატჩში შედგა. 1989 წელს ის საბჭოეთის ნაკრებთან ერთად საფრანგეთში იმყოფებოდა ტურნეზე და მალე ახალ ზელანდიაში უნდა გამგზავრებულიყო. ამასობაში საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ტურძელაძეს ეროვნულ ნაკრებში უხმეს და ის იმ მორაგბეებს შორის იყო, რომლებიც ზიმბაბვესთან მატჩის წინ პირველად დადგნენ საქართველოს ჰიმნზე.

1990 წელს ქუთაისელმა კვაჭმა საქართველოს ზიმბაბვეში ტურნეს დროს უკაპიტნა, მაგრამ ქვეყანაში არეულობა დაიწყო და ბატონმა თენგიზმა რაგბს თავი დაანება, თუმცა ქვეყანას რომ დაჭირდა, 1995 წელს ის და ნუგზარ ძაგნიძე ნაკრებს დაუბრუნდნენ და ჯერ შეკრებაზე, მერე კი დანიასთან, ჰოლანდიასთან და გერმანიასთან მატჩებში, ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

„შენი ქვეყნის სახელით თამაშზე, ჰიმნზე დადგომაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ცრემლები თავისით მოგდის და ისეთი შეგრძნება გაქვს, სიტყვებით ვერასდროს გადმოსცემ“ – იხსენებს საქართველოს ნაკრების ჩატარებულ მატჩებს თენგიზ ტურძელაძე.

საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად ქართული სარაგბო თემი ულოცავს თენგიზ ტურძელაძეს 60 წლის იუბილეს!