ზურაბ რეხვიაშვილის (რემბო) სამძიმარი

რაგბის ქართულმა თემმა დიდი დანაკლისი განიცადა. 57 წლის ასაკში, უკურნებელი სენით გამოჩენილი მორაგბე და ღირსეული მამულიშვილი ზურა რეხვიაშვილი (რემბო) გარდაიცვალა.

აფხაზეთის მკვიდრი, ყაბარდოში გაზრდილი ზურა რეხვიაშვილი 1988 წლის მიწურულს, სოჭში მწვრთნელთა სემინარზე მყოფმა დიმა ფულარიამ აღმოაჩინა. ქუთაისური რაგბის ამაგდარი სპეციალისტის მახვილ თვალს ბრგე, ახოვანი, დიდი ძალის მქონე ქართველი ჭაბუკის უზადო, უნივერსალური სპორტული თვისებები არ გამოპარვია. სწორედ თავისი აღნაგობისა და ხასიათის გამო, რეხვიაშვილი რაგბის ქართულმა სამყარომ „რემბოს“ თიკუნით შეამკო. ფულარიას ძალისხმევით ზურა რეხვიაშვილმა მომდევნო წელს კარიერა უკვე ქუთაისის ‘აიაში’ განაგრძო, რომლის ძირითად შემადგენლობაში თვითნაბად ტალანტს დამკვიდრება არ გაჭირვებია. დიდძალი ჯანისა და სისწრაფის მქონე მესამეხაზელი ‘აიას’ ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად იქცა.

‘აიას’ რიგებში, პირველივე სეზონში „რემბო“ სსრკ-ს ჩემპიონი, მომდევნო წელს კი საბჭოეთის თასის მფლობელი გახდა, ქართული რაგბის დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე კი რიონისპირელებთან ერთად ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 2-გზის მოიპოვა. აფხაზეთის ომის პირველივე დღეებიდან „რემბო“ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მშობლიური ლესელიძის დამცველთა რიგებს შეუერთდა და უთანასწორო ბრძოლაში მტერს ომის დამთავრებამდე უმკლავდებოდა.

აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ რეხვიაშვილების ოჯახმა ბინა ბოლნისში დაიდო. „რემბომ“ მორაგბის კარიერა წარმატებით ჯერ თბილისის ‘ლოკომოტივში’, შემდეგ კი რაგბის კლუბ ‘რუსთავში’ განაგრძო. ზურა რეხვიაშვილი გახდა რიგით 78-ე ბორჯღალოსანი და ქვეყნის მთავარი გუნდის კვართი 1995-97 წლების პერიოდში 3-გზის მოირგო. მოქმედი მორაგბის კარიერის დამთავრების შემდეგ „რემბომ“ მოღვაწეობა ბოლნისის ‘ყოჩების’ მოზარდთა და ჭაბუკთა გუნდებში განაგრძო. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ‘ყოჩებში’ ზურა რეხვიაშვილის ვაჟი ნიკოლოზი ფულბეკის პოზიციაზე თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეც გახლავთ. ის ასევე 7-კაცა ნაკრების წევრია.

რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზურაბ რეხვიაშვილის გარდაცვალების გამო, „რემბოს“ ოჯახს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს.