დიდი 10 | ჯიქი 6:34 ყოჩები

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ პირველი ეტაპის მეორე წრის პირველ ტურში, გორში ადგილობრივ ‘ჯიქს’ 34:6 სძლია და „ბ“ ჯგუფის მოწინავე სამეულში პოზიციები გაიმყარა.

პირველი ტაიმი თვალსასეირო საყურებელი გამოდგა და გუნდებმა ქულების უმეტესობა ამ ნახევარში მოიპოვეს.

ანგარიში მე-4 წუთზე იოსებ გუშარაშვილის შესანიშნავი თამაშის შედეგად გაიხსნა. მან ცენტრში ჯერ დომინანტური ბოჭვა შეასრულა და მეტოქეს რამდენიმე მეტრით უკან დაახევინა, რასაც კონტრშეტევა მოყვა და კვლავ გუშარაშვილის პასის შემდეგ, მარჯვენა ფრთაზე კოტე მარჯანიშვილი სრული სიჩქარით გაიქცა, თემურ სოხაძემ კი მისი ლელო გარდასახა.

‘ჯიქმა’ მე-16 წუთამდე საბა ნიკოლავას ორი ჯარიმით უპასუხა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. ამის შემდეგ მასპინძლებმა ქულაც ვერ აიღეს, ‘ყოჩებმა’ კი უპირატესობა ეტაპობრივად გაზარდა. სოხაძემ ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გუშარაშვილმა ლელო მიითვალა, ხოლო 31-ე წუთზე, სოხაძემ ფეხით ბურთი ლელოში ჩაკიდა, სადაც საჰაერო ბრძოლაში ლევან გოგოლაშვილმა იმარჯვა და ლელო დაამიწა, სოხაძემ კი ორივე გარდასახა – 6:24.

მეორე ტაიმი პირველზე მძიმე გამოდგა. სოხაძემ არ გარისკა და 47-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა, ბოლოს კი ‘ყოჩებმა’ მოლი დავით ხიდეშელის ლელოთი დაასრულა და ნიკოლოზ რეხვიაშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 6:34.

‘ყოჩებს’ 5 თამაშიდან 16 ქულა მოუგროვდა, „ბ“ ჯგუფში მეორე ადგილზეა და სამით ჩამორჩება ლიდერ ‘აიას’, ხოლო ‘ჯიქი’ 6 ქულით ბოლოსწინა ადგილზე რჩება და ასევე 6-ქულიან ‘არმაზზე’ ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე