დიდი 10 | ხვამლი vs ბათუმი

2022/ 2023 წლების დიდი 10-ის სეზონი ხვალ, 2 სექტემბერს „ხვამლი არენაზე“ გაიხსნება. დიდი 10-ის დებიუტანტი ‘ხვამლი’, 16:30 საათზე საქართველოს ჩემპიონ ‘ბათუმს’ მასპინძლობს.

მუხიანელებმა პირველი ლიგის მოგების შემდეგ მხოლოდ ორი კვირა დაისვენეს და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგნენ. განვლილი 3 თვის განმავლობაში გუნდმა „ხვამლი არენაზე“ მზადების რამდენიმე ეტაპი გაიარა და ახალი მოთამაშეებიც დაიმატა. ესენი არიან მიხეილ ორაგველიძე (‘შავი ლომიდან’), დავით ხიდეშელი (‘ყოჩებიდან’), ლუკა გელაშვილი (‘აიადან’) საბა ჯღარკავა (‘ლელოდან’), ლევან ხუციშვილი (‘ტაოდან’)და გივი ცინცაძე (‘არწივებიდან’).

გარდა ამისა, ‘შავი ლომიდან’ გუნდს დაემატნენ ნიკო აფციაური, ტარიელ დონაძე, მიხეილ გაჩეჩილაძე და ლუკა მატკავა, ოღონდ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ კლუბის შემადგენლობაში თამაშს, როდესაც ფრენჩაიზის ვალდებულებისგან თავისუფალი იქნებიან.

‘ხვამლის’ მთავარი მწვრთნელი დავით ცხვედიანი მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილია და ხვალ სენსაციის მოლოდინშია:

„შიგადაშიგ წამყვან მოთამაშეებს პატარ-პატარა პრობლემები აწუხებდათ, თუმცა მთლიანობაში მზადებით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, ხვალ ვერ დაგვეხმარება გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი საბა კურტანიძე. ჩვენი ახალგაზრდა მორაგბეები ხვალინდელ თამაშს მოტივირებული ელოდებიან, რაც სენსაციის იმედს იძლევა. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, მოედანზე თავს არავინ დაზოგავს და დანარჩენი მოედანზე გადაწყდება“.

ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, ‘ბათუმი’ 9 მოთამაშემ დატოვა, მათ ნაცვლად კი გუნდში მივიდნენ მიხეილ წიკლაური (‘შავი ლომი’), კოკი თხილაიშვილი (‘შავი ლომი’), სანდრო სვანიძე (‘შავი ლომი’), ლაშა ფოფხაძე (‘ყოჩები’), გიორგი ფრუიძე (დაბრუნდა რუსეთიდან), დავით კლდიაშვილი (‘აია’), ნიკოლოზ ჩუმაშვილი (დაბრუნდა რუსეთიდან) და უკრაინელი ლეგიონერი ანტონ შაშერო, რომელიც პოლონეთის ჩემპიონატში გამოდიოდა.

‘ბათუმი’ თბილისში მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა. მწვრთნელი დავით გუგუშვილი პრობლემების მიუხედავად მზადებით კმაყოფილია:

„მზადება 15 ივლისს ბათუმში დავიწყეთ და ერთი კვირის შემდეგ, ქობულეთის სპეცდანიშნულების ბაზაზე ერთკვირიანი მომზადება გავიარეთ, რაც მენტალურ და ფიზიკურ მზაობას ემსახურებოდა. მერე გუნდში კოვიდ-ვირუსმა იჩინა თავი და გარკვეული პერიოდით გაჩერება მოგვიწია. მთლიანობაში, გუნდი ახალი სეზონისთვის კარგადაა მომზადებული. ახალი მორაგბეების დამატებით ის პოზიციები შევავსეთ, სადაც გუნდიდან წასული მოთამაშეების სახით დანაკლისი გვქონდა. კარგად ვართ შეკრული და ვეცდებით ხვალ ჩემპიონის სახელი არ შევარცხვინოთ“.