დიდი 10 | ხვამლი 28:31 ხარები

გიორგი ბასილაიამ გაწითლებულ დროზე კარის წინიდან არეკნი უნაკლოდ შეასრულა და რუსთავის ‘ხარებს’ „ხვამლი არენაზე“ მასპინძლებთან 31:28 მოაგებინა.

დრამატულ მატჩში სტუმრები ბურთს მეტოქეზე დიდხანს აკონტროლებდნენ და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ‘ხვამლი’ უპირატესობას ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა. დავით ცხვედიანის შეგირდები სეზონის მეორე გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ დასკვნით წუთებში ზეწოლას ვეღარ გაუძლეს და გმირული ბრძოლისთვის მე-4-ედ მიიღეს ნუგეშ-ქულა.

თამაში ‘ხარების’ შეტევებით დაიწყო, დერეფანს მორკინალების დარტყმები და გიორგი ნარიმანიძის ძალისმიერი ლელო მოყვა. განახლდა შეხვედრა და უკვე ‘ხვამლმა’ შეუტია ხელდახელ, მერე ბურთი მარცხენა ფრთაზე ბოლომდე ჩათამაშდა, შეტევას კარგად მიყვა საბა ჯღარკავა და საპასუხო ლელოთი ანგარიში გათანაბრდა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. სალელოვე შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ დაცვა ბოლო სანტიმეტრებს მედგრად იცავდა. ამ პერიოდში ყვითელი ბარათით ‘ხვამლმა’ 23-ე წუთზე ფრიდონ წიკლაური, ხოლო ‘ხარებმა’ 30-ეზე გიორგი შარვაშიძე დაკარგა.

ამასთან, მასპინძლებმა ჯარიმა კარშიც დაარტყეს და ზურა ქობელაშვილმა საკუთარი გუნდი 3 ქულით დააწინაურა. 38-ე წუთზე შერკინებაში მოპოვებული ჯარიმით გიორგი პეტრიაშვილმა წონასწორობა აღადგინა. ტაიმის ბოლოს ‘ხვამლმა’ ჯარიმა კარში აღარ დაარტყა, 5-მეტრიანი დერეფნიდან მძლავრი მოლი ააგორა და ‘ხარები’ მისი ჩაქცევისთვის საჯარიმო ლელოთი დაისაჯა, გურამ ქანდაურაშვილი კი სინბინში გაემგზავრა – 15:8.

მეორე ტაიმის დებიუტში პეტრიაშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა. სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა შეცდომებს უშვებდნენ და 57-ე წუთზე ქობელაშვილმა 55 მეტრიდან გატანილი ჯარიმით 7-ქულიანი უპირატესობა აღადგინა. საპასუხოდ ‘ხარებმა’ ჯარიმიდან ბურთი 5-მეტრიან დერეფანში გადაიტანა, მოლს გიორგი გოგოლაძე მოწყდა და ძალისმიერი ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და 67-ე წუთზე ‘ხვამლმა’ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

ხანგრძლივი, ხელდახელ შეტევისას, დავით ხიდეშელმა რაქიდან აიტაცა ბურთი და მოკლე ფრთაზე შეუტია, ირაკლი ბებიასთან ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშა და ლელო გაიტანა, ქობელაშვილმა კი გარდასახა (25:16). რუსთაველები არ გატყდნენ, საკუთარ ნახევარზე, 22-იანთან დიდხანს იბურთავეს და შანსიც გაჩნდა. ბაქარ ზედგინიძემ ‘ხვამლის’ დაცვაში სივრცე შენიშნა და ხაზი გაჭრა, მას კარგად მიყვა პაატა ბურჭულაძე, საჭირო დროს სიჩქარე აკრიფა და კარის წინიდან პეტრიაშვილმა გარდასახა.

77-ე წუთზე მუხიანელებმა თავისი ნახევრიდან ხელით წამოიღეს ბურთი, რასაც ჯარიმა მოყვა და ქობელაშვილი გასატანი პოზიციიდან არ შეცდა. მაგრამ ‘ხარებმა’ კვლავ სწრაფად უპასუხა. 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებულ მოლს მასპინძლებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და ირაკლი ქვათაძემ ლელოთი წონასწორობა აღადგინა. პეტრიაშვილს შეეძლო საკუთარი გუნდის დაწინაურება, მაგრამ გარდასახვა გაუცუდდა.

თამაში თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა გაწითლებულ დროზე მატჩის დასრულება არცერთმა გუნდმა არ ისურვა. ‘ხარებმა’ 40 მეტრიდან ჯარიმა კარში არ დაარტყა, სამაგიეროდ, გიორგი ბასილაიამ კარის წინიდან არეკნი დაკრა და საკუთარ გუნდს 31:28 მოაგებინა. რუსთაველებისთვის ეს მეოთხე მოგებაა და ისინი 17 ქულით მე-4 ადგილზე არიან. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ხარების’ კაპიტანი გიორგი ნათელაშვილი გახდა. ‘ხვამლი’ 9 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე