დიდი 10 | ხარები 27:20 ყოჩები

რუსთავის ‘ხარებმა’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ დაძაბულ მატჩში 27:20 სძლია და თავად ექვსეულში პოზიციები გაიმყარა, მეტოქეს კი გალიდერების შანსი არ მისცა და „სარბიელის სინიც“ ჩამოართვა.

მოგეხსენებათ, აღდგენილ სინს მისი მფლობელი გუნდი დიდი 10-ის რეგულარული სეზონის ყველა მატჩში იცავს და შესაძლოა, ეს ჯილდო მასპინძლებისთვის ერთგვარ დამატებით მოტივაციად იქცა. მათ აქტიურად დაიწყეს თამაში და მე-6 წუთზე გიორგი პეტრიაშვილის ჯარიმით დაწინაურდნენ. მე-13 წუთზე ვაჟა ხუციშვილმა მოლის შემდეგ რაქის გვერდით შეუტია და ლელო გაიტანა. პეტრიაშვილი გარდასახვიდან ზუსტი იყო.

მასპინძლების წნეხის ქვეშ, ‘ყოჩებმა’ სინბინით იროდიონ ქუცნიაშვილი დაკარგა, ‘ხარებმა’ მეტობით 28-ე წუთზე ისარგებლა, შერკინებიდან ბურთი მოკლე ფრთაზე გაიტანა და გიორგი კოშაძის ლელო პეტრიაშვილმა გრადასახა. განახლდა თუ არა თამაში, ‘ხარებმა’ დაკიდებული ბურთი ვერ აიღო, ნიკოლოზ რეხვიაშვილმა ფეხით ითამაშა და საპასუხო ლელო გაიტანა, სანდრო ფურცხვანიძემ კი გარდასახა. რომან მახათაძის სინბინის მიუხედავად, კაცნაკლულმა ბოლნისელებმა ტაიმის დასკვნითი წუთები შეტევებში გაატარეს და გიორგი მჭედლიშვილის ლელო ფურცხვანიძემ გარდასახა – 17:14.

მეორე ტაიმშიც პირველი ქულები რუსთაველებმა აიღეს. 56-ე წუთზე მოლიდან მოკლე ფრთაზე თორნიკე აქუბარდიამ შეუტია და ლელო გაიტანა. რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, 70-ე წუთზე ფურცხვანიძემ ჯარიმით სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა, თუმცა 5 წუთში ფარნა გასვიანმა რუსთაველთა მოლი ლელოთი დაასრულა და ‘ხარებს’ გამარჯვება პრაქტიკულად დაუბევა. რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, ‘ყოჩებმა’ გაწითლებულ დროზე კარის წინიდან ჯარიმა გაიტანა და 7-ქულიანი სხვაობით მარცხისთვის ნუგეშ-ქულას გამორჩა – 27:20 ‘ხარების’ სასარგებლოდ.

განვლილი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე დემურ ეფრემიძე გახდა. ‘ხარებს’ 21 ქულა მოუგროვდა და მე-5 ადგილზეა, ‘ყოჩები’ კი 22 ქულით მესამე საფეხურამდე ჩამოქვეითდა.