დიდი 10 | ხარები 20:15 ხვამლი

რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘ხვამლს’ საკუთარ მოედანზე, დაძაბულ ბრძოლაში 20:15 სძლია და 48 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს ინარჩუნებს.

„ხარები არენაზე“ გუნდებმა 3-3 ლელო გაიტანეს, თუმცა ძლიერმა ქარმა დამრტყმელებს ქულების აღებაში ხელი შეუშალა. ქარის გამო შეცდომები იყო ფეხით ტაქტიკური დარტყმების დროსაც, რასაც ტექნიკური წუნიც დაერთო. მასპინძლებმა მეორე ტაიმის შუაში მიღებული რიცხობრივი უპირატესობა 10 ქულაში ასახეს და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა.

„ხარები არენაზე“ სტუმრებს ანგარიშის გახსნა ჯარიმით შეეძლოთ, მაგრამ ზურა ქობელაშვილის დარტყმული მიზანს აცდა. პირველ ტაიმში პირქარში მოთამაშე თბილისელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მე-19 წუთზე დაწინაურდნენ – ლაშა კაკაურიძე ფრთაზე მცველს ერთი-ერთზე გაექცა და ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო. ‘ხარები’ მომენტალურად გამოფხიზლდა და შემდეგ ეპიზოდში ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა. 28-ე წუთზე მასპინძლები გურამ ქანდაურიშვილის სინბინის გამო მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ, თუმცა ორიოდე წუთში მათ თავად შეუტიეს, გიორგი პეტრიაშვილი ორმა მბოჭავმა ვერ შეაჩერა და ლელო თავადვე გარდასახა – 10:5.

მეორე ტაიმი კვლავ ‘ხვამლის’ აქტიურობით დაიწყო, 48-ე წუთზე საბა კურტანიძემ 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია და ლელოთი წონასწორობა აღადგინა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. მასპინძლები ამ ჯერზეც გააქტიურდნენ და მალე კურტანიძემ ყვითელი ბარათი მიიღო, ‘ხარებმა’ კი ორი ლელო გაიტანა.

58-ე წუთზე მათ მოლით წაიწიეს წინ, მას ლევან ჭავჭავაძე მოეხსნა და ლელო გაიტანა. 4 წუთში რუსთაველთა ხელდახელ შეტევის შემდეგ, ქანდაურიშვილმა რაქიდან აიტაცა ბურთი და ლელო მიითვალა, თუმცა გარდასახვები არაზუსტი იყო. 69-ე წუთზე ‘ხვამლმა’ გამარჯვების იმედი დაიბრუნა. საკუთარი ლელოდან ფეხით მოგერიებული ბურთი ლუკა ცხვედიანმა მეტოქეს ცხვირწინ ააცალა და თავისი ნახევრიდან მეტოქის 22-მდე ირბინა, ლელოში კი მარჯვენა ფრთაზე ბაჩანა მონიავა შეუშვა.

გარდასახვა არაზუსტი იყო, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და მასპინძლებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება გაიფორმეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე რუსთაველთა მესამეხაზელი პაატა ბურჭულაძე გახდა. ‘ხვამლმა’ ნუგეშ-ქულა აიღო, 31 ქულით მე-8 ადგილზეა და საფლეიოფო ზონას 5 ქულა აშორებს. ის ასევე 5 ქულით უსწრებს გადათამაშების ზონაში, მე-9 ადგილზე მყოფ ‘აკადემიას’.