დიდი 10 | ‘ხარები’ ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს

რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘ლელოს’ ფლეი ოფის მეორე ეტაპზე 22:18 სძლია და ფინალის საგზურისთვის ბოლნისის ‘ყოჩებს’ შეერკინება.

თამაში დაძაბული გამოდგა. რუსთაველებმა პირველ ტაიმში 3 ლელო გაიტანეს და 22 ქულას მოუყარეს თავი. მეორე ტაიმში მათ მონაგარს ვეღარაფერი შემატეს, მაგრამ საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც მოახერხეს. ‘ხარები’ ხშირად ჯარიმდებოდა და ‘ლელომ’ 6 მათგანი გაიტანა, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და თბილისელებმა დიდი 10-ის მიმდინარე სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულეს.

‘ხარებმა’ რეგულარული გათამაშება მეტოქეზე უკეთეს პოზიციაზე დაასრულა და მასპინძლის უფლებით სარგებლობდა. მატჩის დებიუტში მათ გააფთრებით შეუტიეს მეტოქეს და პირველ ჯერზე ბურთი ზედ ლელოს ხაზთან გადაუვარდათ, თუმცა მატჩის განახლებისთანავე გიორგი კოშაძემ და გიორგი ნათელაშვილმა უპირატესობა შექმნეს, მარცხენა ფრთაზე კი ზურაბ ქავთარაძე მბოჭავს დაუსხლტა და ალამთან გატანილი ლელოთი ანგარიში გახსნა.

30-ე წუთამდე გიორგი პეტრიაშვილმა ერთი, ხოლო გიორგი ასათიანმა 3 ჯარიმა გაიტანა და ‘ლელო’ 9:8 დაწინაურდა, რასაც რუსთაველთა აფეთქება მოყვა. 33-ე წუთზე ლევან ჭავჭავაძემ მარჯვენა ფრთაზე გაჭრა ხაზი და 22-ში შევიდა, გიორგი ბასილაია 5-მეტრიანთან შეაჩერეს, ვაჟა ხუციშვილმა კი ოვალი მარცხენა ალამთან ისე გადაკიდა, ქავთარაძეს მისი დაუფლება აღარ გაჭირვებია და მეორე ლელო გაიტანა. განახლდა თუ არა შეხვედრა ბასილაიამ თავისი 22-იდან კონტრშეტევა წამოიწყო, ნათელაშვილმა ფეხით ითამაშა, ქავთარაძემ ბურთის დაუფლება ვერა, თუმცა მისი შენარჩუნება მოახერხა, შემდეგ ფაზაში კი ბასილაიამ ლელო გაიტანა. პეტრიაშვილმა ორივე გარდასახა – 22:9.

ასათიანმა შესვენების წინ მეოთხე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 10 ქულამდე დაიყვანა. მეორე ტაიმში ‘ლელო’ დომინირებდა, ‘ხარები’ ხშირად ჯარიმდებოდა და ასათიანმა 49-ე წუთზე მორიგი ზუსტი დარტყმა შეასრულა, თუმცა 10 წუთში ხელსაყრელი პოზიციიდან შეცდა. 62-ე წუთზე კარში უკვე ბექა მამუკაშვილმა დაარტყა და სხვაობა 4 ქულამდე დავიდა, რასაც მალე სანდრო ილურიძის სინბინი მოყვა, მაგრამ სტუმრებმა ამით ვერ ისარგებლეს. მეტოქის 22-ში შერკინებიდან შეტევის შემდეგ, ‘ლელო’ კარის წინ დაჯარიმდა, რუსთაველებმა საფრთხე განმუხტეს და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს – 22:18.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ზურა ქავთარაძე გახდა. მისი ‘ხარები’ ‘ყოჩებს’ ფინალის საგზურისთვის 29 მაისს ეთამაშება.

 

ფოტო: თაკო კიკალიშვილი