დიდი 10 | ყოჩები 33:28 აია

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ „რაგბი პლატოზე“ ქვეყნის ჩემპიონ ქუთაისის ‘აიას’ 33:28 სძლია და 22 ქულით მესამე ადგილზე დაბრუნდა.

მასპინძლები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ და ბონუსის აღების კარგი შანსიც ჰქონდათ, მაგრამ დასკვნით 10 წუთში ორი ლელო მიიღეს და ნუგეშის ქულა მეტოქეს გაატანეს. ‘აია’ ჩემპიონატს ერთთვიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა. ქუთაისელებს გუნდში კოვიდ-ინფექციის აფეთქების გამო ორი თამაშის გამოტოვება მოუხდათ. მანამდე, პირველ ტურში დებიუტანტ ‘ყაზბეგთან’ მოგების შემდეგ, მათ ზედიზედ სამი თამაში დათმეს, ახლა უკვე მეოთხეც და 7 ქულით მე-8 ადგილზე არიან.

თავიდან ყველაფერი სტუმართა სასარგებლოდ დაიწყო. ‘აიამ’ შეტევა გაშალა, ლაშა ლომიძემ 22-ის ხაზთან, კარის წინ სამ მცველს შორის სივრცე მონახა და ძელებსშუა გატანილ ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. ‘ყოჩებმა’ ორ წუთში უპასუხა, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ააგორა და ლევან გენებაშვილმა საპასუხო ლელო, ხოლო ლაშა მალაღურაძემ გარდასახვა გაიტანა.

ლომიძეს მალევე ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა. ამას ორმხრივი ფეხით თამაში მოყვა, რის შემდეგაც ‘ყოჩები’ ორი ჯარიმით მეტოქის 5-მეტრიან ზონას მიუახლოვდნენ, იქიდან კი მოლი დუბლით გენებაშვილმა დაასრულა და მალაღურაძემ გარდასახა. დასკვნითმა წუთებმა ქუთაისელთა შეტევებში ჩაიარა, თუმცა ‘ყოჩებმა’ თავი დაიცვა და სულ ბოლოს მალაღურაძეს შეეძლო უპირატესობის გაზრდა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა – 14:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ყოჩებმა’ 5-მეტრიანი დერეფნიდან მესამედ ააგორა მოლი და ამჯერად ის ლაშა ფოფხაძის ლელოთი დასრულდა. 53-ე წუთზე სტუმრები მოედნის ცენტრში, ხელდახელ თამაშისას შეცდნენ, ბურთი სერგი ჩხაიძემ აიტაცა და ლელომდე ირბინა, მალაღურაძემ კი გარდასახა. ‘აიამ’ შეძლო კარგი შეტევების ორგანიზება, 5-მეტრიანი მოლის შემდეგ მათი მოლი დაიშალა, მაგრამ ბურთიანმა პეტრე ჯინჭარაძემ სვლა განაგრძო და ლელო გაიტანა, ლომიძემ კი გარდასახა.

ბოლნისელებმა 65-ე წუთზე მეხუთე ლელო გაიტანეს და ბონუსის ზონაში დაბრუნდნენ. დერეფანს კიდევ ერთხელ მოყვა მათი მძლავრი იარაღი მოლი, მიზნამდე ერთ მეტრში წარმოქმნილი რაქიდან ბურთი გიორგი ბეგაძემ გაიტანა, ცრუმოძრაობის შემდეგ ლელოს თავად შეუტია და მალაღურაძემ გარდასახა. 19-ქულიანი სხვაობისა და მცირე სათამაშო დროის მიუხედავად, ‘აიამ’ ბოლომდე იბრძოლა და ხშირი ჯარიმების გამო ‘ყოჩები’ ამირან მიქაძის სინბინით დაისაჯა, 72-ე წუთზე კი ბებუნი კუხიანიძემ მოლით ლელო გაიტანა, ზვიად ორმოცაძემ კი გარდასახა.

ამ ლელოს გუნდებს შორის წაკინკლავება მოყვა, რეფერიმ კოტე ნახუცრიშვილი და ლაშა ფოფხაძე გაასინბინა. მატჩის მიწურულს ‘აიას’ მორიგი 5-მეტრიანი დერეფანი მოლით და კუხიანიძის ლელოთი დასრულდა, რამაც ქუთაისელებს ბონუსი შესძინა, ორმოცაძემ კი რთული პოზიციიდან ამჯერადაც გარდასახა და სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა – 33:28.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლევან გენებაშვილი გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი