დიდი 10 | ყოჩები 27:23 ლელო

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ ‘ლელო-სარასენსს’ დრამატულ მატჩში 27:23 აჯობა და 30 საცხრილო ქულით, დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულა.

„რაგბი პლატოზე“ გამართული შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში, სტუმრები 13 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ დასკვნითი წუთები მასპინძლების იყო და ‘ლელო’ მხოლოდ ნუგეშის-ქულას დასჯერდა. შედეგად, მათ 26 ქულა მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე არიან.

ანგარიში მე-4 წუთზე გიორგი ასათიანმა ჯარიმით გახსნა. ‘ყოჩებმა’ მე-9 წუთზე ნიკა ჩხიკვაძის ლელოთი უპასუხა – ლაშა მალაღურაძემ ფრთაზე ფეხით გადაკიდა ბურთი, ის ნიკამ მოხსნა და დაამიწა, მალაღურაძემ კი გარდასახა. ასათიანის ჯარიმა ძელმა აისხლიტა, ‘ლელომ’ მეტოქე კარგად ჩახურა და 5-მეტრიანი შერკინება მიიღო, რასაც ნიკა ბაგაშვილის ალამთან გატანილი ლელო მოყვა. ასათიანმა გარდასახა და ტაიმის ბოლოს ჯარიმაც გაიტანა – 13:7.

მეორე ტაიმში ‘ყოჩები’ უფრო მობილიზებული გავიდა მოედანზე და დაძაბულობამ იმატა. 49-ე წუთზე ბექა მამუკაშვილის პასის შემდეგ თორნიკე კახოიძემ სუფთად გაჭრა ხაზი და ლელო ძელებსშუა გაიტანა. ამას გაწევ-გამოწევა მოყვა და მთავარმა მსაჯმა შოთა თევზაძემ დავით აბდუშელიშვილი (ლელო) და ამირან მიქაძე (ყოჩები) გაასინბინა. ასათიანმა გარდასახვა შეასრულა და სტუმართა უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა.

‘ყოჩებმა’ 2 წუთში უპასუხა. მათ თავისი ნახევრიდან ხელდახელ დაიწყეს შეტევა, ყველა ფაზის შემდეგ შეძლეს სიტუაციის გამწვავება და ლელო ბაჩუკი ჭუმბაძემ გაიტანა, მალაღურაძემ კი გარდასახა. მოედანზე კარგი, ხელდახელ ბურთაობა გაჩაღდა და 68-ე წუთზე მასპინძლებმა მესამე ლელო გაიტანეს. საწყის ფაზაში ხაზი ლევან გოგოლაშვილმა გაჭრა და ბოლოს ლაშა ფოფხაძემ გიორგი მჭედლიშვილის შებრუნებული პასი შეირგო. მალაღურაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა და ბოლნისელები წინ გაიყვანა – 21:20.

თამაში რომ განახლდა ‘ლელომ’ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და ბექა მამუკაშვილმა 40 მეტრიდან სტუმრებს ლიდერობა დაუბრუნა, მაგრამ სულ რამდენიმე წუთით. შეცვლაზე შესულმა თემურ სოხაძემ 75-ე წუთზე გასატანი ჯარიმა 3 ქულად გარდასახა, უკანასკნელ წუთზე კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 27:23.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ყოჩების’ კვაჭი ლაშა საჯაია გახდა.