დიდი 10 | ყოჩები 26:28 აკადემია

ნუცუბიძის დერბიში, „რაგბი პლატოზე“, თბილისის ‘აკადემიამ’ დრამატულ მატჩში ბოლნისის ‘ყოჩებს’ 28:26 სძლია და საფლეიოფო ექვსეულთან ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა.

„მხატვრების“ გამარჯვება საბოლოო განაჩენი აღმოჩნდა თბილისის ‘ლოკომოტივისთვის’. აუტსაიდერი ‘აკადემიას’ 22-ი ქულით ჩამორჩა, რისი აღმოფხვრაც დარჩენილ 4 ტურში შეუძლებელია და „რკინიგზელები“ ოფიციალურად დაქვეითდნენ პირველ ლიგაში.

თამაში ‘აკადემიამ’ აქტიურად დაიწყო, მეტოქის ნახევარზე მეთოდურად გადავიდა და მე-8 წუთზე დავით მოძღვრიშვილმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. მე-16 წუთზე 10-მეტრიან წყვეტილთან დერეფნის მოგების შემდეგ, „მხატვრებმა“ ბურთი სწრაფად გაშალეს, მიხეილ ახობაძემ სივრცე შენიშნა, ხაზი სუფთად გაჭრა და ლელომდე 40 მეტრი ირბინა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

‘ყოჩებმა’ ტაიმის ბოლომდე სამჯერ შეძლეს მეტოქის 22-ში შესვლა და ყველა ჯერზე ქულა აიღეს. ლაშა მალაღურაძემ კარის წინიდან ორი ჯარიმა გაიტანა, შესვენების წინ კი ბოლნისელებმა წნეხში მოაქციეს მეტოქე, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი დაძრეს და ჯაბა ბრეგვაძის ლელო მალაღურაძემ გარდასახა – 13:8. აღსანიშნავია, რომ ნომინალურმა მასპინძლებმა 10 ქულა კაცნაკლულებმა აიღეს, რადგან მსაჯმა ყვითელი ბარათით გიორგი მჭედლიშვილი დასაჯა.

მეორე ტაიმი რომ დაიწყო ‘აკადემიამ’ პირველი დარტყმა ვერ აიღო, ‘ყოჩებმა’ ოვალი ფრთაზე ჩაათამაშა, სადაც კოტე მარჯანიშვილი გაიქცა. ის ალამთან კიდის იქით გადაიყვანეს, თუმცა ბურთი თამაშში დარჩა, მცველები მას ვერ გაუფრთხილდნენ და სინბინიდან დაბრუნებულმა მჭედლიშვილმა ლელო გაიტანა. მალაღურაძემ გარდასახა.

ორივე გუნდი ხელდახელ შეტევებით ცდილობდა ქულების აღებას. „მხატვრები“ ბურთს მეტხანს აკონტროლებდნენ, 61-ე წუთზე ლუკა ივანიშვილმა ჯარიმა მოულოდნელად გაითამაშა და ლელო წინააღმდეგობის გარეშე გაიტანა. 66-ე წუთზე ‘აკადემია’ მოლით მიაწვა მეტოქეს და გუგა ჯინჯოლავამ ლელოთი ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა. მალაღურაძემ მალევე ჯარიმა გაიტანა, თუმცა 75-ე წუთზე ‘აკადემიამ’ ფორვარდებით მიძალების შემდეგ ბურთი მარცხენა, მოკლე ფრთაზე დააბრუნა და ახობაძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა, სანდრო მარგიანმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა – 23:25.

საფინალო სასტვენამდე ლიდერი კიდევ ორჯერ შეიცვალა. 78-ე წუთზე მალაღურაძემ ჯარიმა გაიტანა, რაზეც ორ წუთში მარგიანმა ასევე 3 ქულით უპასუხა – 26:28. მატჩის საუკეთესო მოთამაშე მიხეილ ახობაძე გახდა.