დიდი 10 | ყოჩები 21:17 ლოკომოტივი

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ დაძაბულ ბრძოლაში თბილისის ‘ლოკომოტივს’ 21:17 სძლია და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ნუცუბიძეზე გამართული მატჩის მე-5 წუთზე, მასპინძლებმა მეტოქე შერკინებაში დააჯარიმეს და ლაშა მალაღურაძემ ‘ყოჩები’ დააწინაურა. ‘ლოკომოტივმა’ მე-10 წუთზე მძლავრი მოლით და შაკო დიდებულიძის ლელოთი უპასუხა, ბექა წიკლაურმა კი გარდასახა.

ბოლნისელებმა ტემპს უმატეს და ხელდახელ რამდენიმე შეტევა განახორციელეს, 23-ე წუთზე კი 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ააგორეს და ლაშა საჯაიას ლელო მალაღურაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ‘ლოკომოტივმა’ ‘ყოჩების’ 22-ში ფეხი მოიკიდა და ფორვარდების დარტყმებს ბურთის ფრთებზე გაშლა მოუნაცვლა. პირველ ჯერზე ბოლნისელებს ეს კოტე მარჯანიშვილის სინბინიდან დაუჯდათ, მეორე – გაშვებულ ლელოდ.

კარგი კომბინაცია ლელოთი ბექა ბებიაშვილმა დაასრულა და წიკლაურმაც რთული პოზიციიდან უნაკლოდ გარდასახა. ლელოს გაშვების მომენტში ყვითელი ბარათი მიიღო აკაკი მარშანიამ და ‘ყოჩები’ 9 წუთით 13 კაცის ამარა დარჩა.

მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს მეტოქის იერიშების მოგერიება, 46-ე წუთზე ჯარიმის უფლება მოიპოვეს და მალაღურაძემ შორიდან რთული დარტყმა ზუსტად შეასრულა. მანვე 52-ე წუთზე ‘ყოჩები’ ახლოდან გატანილი ჯარიმით წინ გაიყვანა, მალე კი, ხელდახელ შეტევა მარცხენა ფრთაზე თემურ ჭიჭინაძის გაქცევით და ლელოთი დასრულდა.

გარდასახვა არაზუსტი იყო და 63-ე წუთზე წიკლაურმა კარის წინ 42 მეტრიდან ერთი ჯარიმა გაქვითა. 70-ე წუთზე მასპინძლები კიდევ ერთხელ დარჩნენ კაცნაკლული, ამჯერად ყვითელი ბარათი კობა ტატულაშვილმა მიიღო და ‘ლოკომოტივმა’ ჯარიმით სხვაობის მინიმუმამდე დაყვანას ლელოზე თამაში არჩია, თუმცა უშედეგოდ. ანგარიშის გაზრდა ისევ მალაღურაძეს შეეძლო, თუმცა 79-ე წუთზე რთული პოზიციიდან ჯარიმა ვერ გაიტანა და ‘ყოჩებმა’ 21:17 იმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლაშა ფოფხაძე დასახელდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი