დიდი 10 | ყაზბეგი 18:16 ყოჩები

2022/2023 წლების დიდი 10-ის პირველსავე ტურში, მეორე შეხვედრაში სენსაცია დაფიქსირდა. სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ ვერცხლის პრიზიორ ბოლნისის ‘ყოჩებს’ გაწითლებულ დროზე ჯარიმა გაუტანა და 18:16 დაამარცხა.

მიუხედავად იმისა, რომ თამაში ‘ყოჩების’ მოედანზე, „რაგბი პლატოზე“ გაიმართა, ნომინალური მასპინძლები სტეფანწმინდელები იყვნენ. შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად, მაღალ ტემპში შეტევებით დაიწყო. ანგარიში მე-15 წუთზე ‘ყაზბეგმა’ გახსნა. შერკინებიდან ბურთი ხაზზე გავიდა, ლევან ქუშაშვილმა ცენტრში, მაღალ სისწრაფეში სუფთად გაჭრა ხაზი და ბურთი ძელებსშუა დაამიწა, ოთარ ტალახაძემ კი გარდასახა. სამიოდე წუთში შერკინების შემდეგ ცენტრში ხაზი უკვე ლუკა ალიბეგაშვილმა გაჭრა და ლელომდე ირბინა. მახვილი კუთხიდან გარდასახვა არაზუსტი იყო – 12:0.

მასპინძლები ამის შემდეგაც ფლობდნენ უპირატესობას, ორჯერ სუფთად გაჭრეს ხაზი და დიდი მანძილი მოიგეს, მერე ჯარიმით შეეძლოთ უპირატესობის გაზრდა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა. 25-ე წუთიდან შეტევაში უკვე ‘ყოჩები’ გადავიდა და მოლში წესების დარღვევისთვის გიგა ჯულუხაძე ყვითელი ბარათით დაისაჯა, ერთ წუთში კი მოლი ლელოთი ზურაბ ფრუიძემ დაასრულა. ლაშა მალაღურაძის გარდასახვას ოთარ ტალახაძემ ერთ წუთში ჯარიმით უპასუხა, ტაიმის მიწურულს ჯარიმა მალაღურაძემ ცენტრიდან გაიტანა და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ – 15:10.

მეორე ტაიმში უპირატესობას ‘ყოჩები’ ფლობდა, მაგრამ შეცდომებს უშვებდა და ნახევარი საათი უქულოდ მიილია. რადგან ლელოს გატანა ვერ ხერხდებოდა, 70-ე წუთზე მალაღურაძემ ჯარიმით შეამცირა ჩამორჩენა, 76-ეზე კი 40 მეტრიდან გაიტანა და ‘ყოჩები’ 16:15 დააწინაურა. ბოლო წუთზე ‘ყაზბეგმა’ შეძლო მეტოქის ნახევარზე გადასვლა, 40 და 15-მეტრიანი ხაზების კვეთაზე ჯარიმა გამოიმუშავა, ოთარ ტალახაძემ ის 3 ქულად აქცია და ‘ყაზბეგს’ 18:16 მოაგებინა, თავად კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ‘ყოჩებს’ მცირე სხვაობისთვის ნუგეშის ქულა ერგო.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი