დიდი 10 | ყაზბეგი 17:32 იუნკერები

კიკეთის ‘იუნკერებმა’ ‘ყაზბეგს’ 4 ლელო გაუტანა და პირველ გამარჯვებასთან ერთად, ბონუს-ქულის აღებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ დასკვნით წუთებში ორი ლელო მიიღო და ერთი საცხრილო ქულა ქარს გაატანა – 32:17.

„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში ‘იუნკერები’ სათამაშო უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა, მაგრამ ანგარიში ირაკლი ყიასაშვილმა ჯარიმით მასპინძელთა სასარგებლოდ გახსნა. სტუმართა შეტევები ტაბლოზე 24-ე წუთიდან აისახა. მირიან მარგალიტაძემ შეტევა თავისი ნახევრიდან წამოიწყო და შეხვედრის პირველი ლელო გურამ გოგიძემ გაიტანა, 30-ე წუთზე კი მანვე ალამთან დუბლი შეასრულა.

დიტო კიკნაძემ ორიდან ერთი გარდასახა, მაგრამ მალე ჯარიმა გაიტანა, ტაიმის ბოლოს კი ‘იუნკერების’ ძალისმიერ შეტევებს ჯერ ბექა გუგეშაშვილის სინბინი, მერე კი ანტონ ცილიკურის ლელო მოყვა. კიკნაძემ გარდასახა – 22:3 სტუმართა სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის დასაწყისში კიკნაძემ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, ხოლო 50-ე წუთზე გიორგი შუკაკიძემ მეოთხე ლელო გაიტანა და გარდასახვაც ზუსტი იყო. ‘ყაზბეგმა’ ბოლომდე იბრძოლა და დასკვნით წუთებში მეტოქეს ბონუსი წაართვა. 77-ე წუთზე ნიკა გიგაურმა მარცხენა ფრთაზე კონტრშეტევა წამოიწყო და ის საპირისპირო ფლანგზე ლელოთი გურამ ყენიამ დაასრულა. გაწითლებულ დროზე კონტრშეტევისას ხაზი უკვე ნოშრე ფაფიაშვილმა გაჭრა და ძელებსშუა ლელო იაგო გელაძემ გაიტანა. ირაკლი ყიასაშვილმა ორივე გარდასახა – 17:32.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დუბლის ავტორი გურამ გოგიძე გახდა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე