დიდი 10 | უმოტივაციო და უხვქულიანი დასკვნითი ტური

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის რეგულარული გათამაშების დასკვნით, მე-18 ტურს, გუნდები პრაქტიკულად სატურნირო მოტივაციის გარეშე შეხვდნენ.

ისე მოხდა, რომ ბოლო მატჩების წინ ცნობილი იყო ყველა ადგილზე გასული გუნდის ვინაობა. თეორიულად, შესაძლებელი იყო გარკვეული ცვლილებები, რის გამოც ორგანიზატორებმა ოთხი თამაში შაბათს ჩანიშნეს და ყველა მათგანი ერთდროულად დაიწყო, თუმცა სენსაცია არსად მომხდარა. ფავორიტებმა ყველგან უპრობლემოდ მოიგეს, მაყურებელმა კი უმეტესად უხვქულიანი თამაშები იხილა.

ჯამში ხუთივე შეხვედრაში 342 ქულა (საშუალოდ, თითოში 68,4) და 52 ლელო (საშუალოდ 10,4) გავიდა.

ქუთაისში გასული ჩემპიონატის ფინალის რიმეიქი არ შედგა. გათამაშების ლიდერმა ‘ბათუმმა’ მოქმედ ჩემპიონ ‘აიას’ „აია არენაზე“ 9 უპასუხო ლელო გაუტანა – 59:0. მამუკა ნინიძემ და საბა შუბითიძემ თავი ორ-ორჯერ გამოიჩინეს, ზურა ძნელაძემ, ვაჟა თაგაურმა, ვიტალი ირემაძემ, ბაჩი გრიგოლიამ და ხვიჩა ბუჯიაშვილმა კი თავი თითოჯერ გამოიჩინეს. მამუკა ნინიძემ, რომელიც მატჩის ყველაზე შედეგიანი და საუკეთესო მოთამაშე გახდა, 7 გარდასახვა შეასრულა.

რეგულარული გათამაშება ‘ბათუმმა’ 17 მოგებით დაასრულა, ერთადერთი მარცხი კი მე-6 ტურში, ბოლნისის ‘ყოჩებისგან’ განიცადა. ზღვისპირელები პირველ ადგილზე 82 ქულით გავიდნენ. ‘აია’ 45 ქულით მეექვსეა.

„აია არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, ‘არესმა’ ‘აკადემიასთან’ 12-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, თუმცა ბოლოს გადამწყვეტი ლელო გაუშვა და თბილისელებმა 34:29 იმარჯვეს. მასპინძელთაგან ლელოები (5) ირაკლი ცხადაძემ, ბადრი დანგაძემ, ირაკლი თევზაძემ, ლაშა ძნელაძემ და ზაალ ცქიფურიშვილმა მიითვალეს, რასაც დავით კვირიკაშვილმა 2 გარდასახვა დაურთო.

ერთით ნაკლები, 4 ლელო გაიტანა ‘აკადემიამ’ – იოანე ხელაია, კოტე იაშვილი, ნიკოლოზ გოგოლიძე და საჯარიმო. სწორედ 68-ე წუთზე გატანილი საჯარიმო ლელო აღმოჩნდა გადამწყვეტი. გარდა ამისა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო მარგიანმა სამივე გარდასახვა და ორი ჯარიმა ზუსტად შეასრულა.

‘აკადემია’ 50 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა, ხოლო ‘არესმა’ 31 ქულით მე-8 პოზიცია დაიკავა და ფლეი ოფში ვერ მოხვდა, თუმცა დიდ 10-ში ადგილი შეინარჩუნა.

დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ მასპინძლებმა ბოლნისის ‘ყოჩებს’ 28:11 მოუგეს. აღსანიშნავია, რომ გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე სტუმრებმა 11-ივე ქულა პირველ ტაიმში მოიპოვეს და ერთი ხანობა ლიდერობდნენ კიდეც. ნიკოლოზ რეხვიაშვილმა ორი ჯარიმა, აკაკი მარშანიამ კი ლელო გაიტანა. ‘ლელომ’ ტაიმის მიწურულს საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, მანამდე თავი ლუკა კვენეტაძემ გამოიჩინა, მეორე ტაიმში კი თავი სანდრო ზუბაშვილმა და გიორგი მაისურაძემ გამოიჩინეს. ორი გარდასახვა გოგიტა რიკაძემ, ხოლო ერთი დიტო კალანდაძემ გამოიყენა. საუკეთესო მოთამაშე სანდრო ზუბაშვილი გახდა.

მიუხედავად მარცხისა, ‘ყოჩები’ 55 ქულით მეორე ადგილზე დარჩა და ‘ბათუმთან’ ერთად, უკეთეს საფლეიოფო ბადეშია. ‘ლელომ’ მე-4 პოზიცია შეინარჩუნა და ფლეი ოფის პირველ ეტაპზე საკუთარ მოედანზე ითამაშებს. მისი მეტოქე ‘აკადემია’ იქნება.

რუსთავში შეკრებილ მაყურებელს მოსაწყენად არ ეცალა. ‘ხარებმა’ ‘იუნკერებისგან’ 7 ლელო მიიღო, თავად 10 გაიტანა და 58:43 გაიმარჯვა. მასპინძელთაგან სამი ლელო ლევან ჭავჭავაძემ მიითვალა, ორ-ორი ლევან ნარიმანიძემ და გიორგი ნარიმანიძემ, ხოლო სანდრო ილურიძემ, ვაჟა ხუციშვილმა და გიორგი ძმანაშვილმა თითო-თითო. გიორგი ელოშვილმა სამი, იაგო მარსაგიშვილმა კი ერთი გარდასახა.

დიდი 10-იდან დაქვეითებული ‘იუნკერებიდან’ ლელოები გიორგი შუკაკიძემ (2), ბონდო ლომიძემ, ბექა სამსიანმა, ანტონ ცილიკურმა, დიტო კიკნაძემ და თორნიკე ხმელიძემ მიითვალეს, გარდასახვები დავით იმნაძემ (2) და დიტო კიკნაძემ (2). მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ნარიმანიძე გახდა.

‘ხარებმა’ 54 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ფლეი ოფის პირველ ეტაპზე, მეექვსეადგილოსან ‘აიას’ რუსთავში უმასპინძლებს. ‘იუნკერებმა’ ჩემპიონატი 10 ქულით, მე-10 ადგილზე დაასრულა და ახალ სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებს.

კვირას, რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით მატჩში, ‘ყაზბეგმა’ „რაგბი პლატოზე“ ‘ლოკომოტივს’ დიდი ბრძოლა გაუმართა და ნუგეშის ქულას გამორჩა – 38:42. სტეფანწმინდელთაგან ორი ლელო ლუკა ალიბეგაშვილის ანგარიშზეა, ლევან ქუშაშვილმა, იაგო გელაძემ, ლუკა დვალიშვილმა და ნიკა გიგაურმა 5-5 ქულა მიითვალეს. ირაკლი ყიასაშვილმა ოთხი გარდასახა.

რკინიგზელთაგან თავი ვანო კოხტაშვილმა, შალვა დიდებულიძემ, ირაკლი ქვათაძემ, ნიკა წივწივაძემ, ბიძინა სამხარაძემ და ნიკა ჩიღვინიძემ გამოიჩინეს. ბექა წიკლაურმა ექვსივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ‘ლოკომოტივმა’ 4-ქულიანი უპირატესობა ამის ხარჯზე მოიპოვა. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

‘ლოკომოტივმა’ ჩემპიონატი 33 ქულით მე-7 ადგილზე დაასრულა, ‘ყაზბეგმა’ კი 17 ქულით მე-9-ზე. შედეგად, ის დიდ 10-ში ადგილის შესანარჩუნებლად პირველი ლიგის მეორეადგილოსანს ორრაუნდიან ბრძოლაში დაუპირისპირდება. ის თამაშებს მაისის ბოლოს გამართავს, მეტოქედ კი ‘ხვამლი’ ან ‘ტაო’ ერგება. პირველი ლიგის ფინალი 7 ან 8 მაისს შედგება და გამარჯვებული დიდი 10-ის პირდაპირ საგზურს მიიღებს, ხოლო დამარცხებული სტეფანწმინდელებს შეერკინება.

რაც შეეხება დიდი 10-ის ფლეი ოფებს, 14-15 მაისს ‘ხარები’ ‘აიას’ მიიღებს, ‘ლელო’ კი ‘აკადემიას’. ‘ბათუმი’ და ‘ყოჩები’ ფინალის პირდაპირი საგზურისთვის 21-22 მაისს ბათუმში შეიბმებიან.