დიდი 10 | ტური მხოლოდ „ა“ ჯგუფში

დიდ 10-ის გარდამავალი ჩემპიონატის მეოთხე ტურში, დაგეგმილ ვადებში მხოლოდ „ა“ ჯგუფის შეხვედრები გაიმართება.

„ბ“ ჯგუფის სამ გუნდში – ‘ბათუმში’, ‘არმაზსა’ და ‘არესში’ კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, რის გამოც არმაზი-ყოჩების, ბათუმი-ჯიქისა და არესი- აიას მატჩები გადაიდო.

„ა“ ჯგუფის პირველ მატჩში, 6 ნოემბერს ‘ლელო-სარასენსი’ ‘აკადემიას’ დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ მასპინძლობს. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება და ‘აკადემია’ წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდება. „მხატვრებმა“ სეზონის სტარტზე სამივე თამაში მოიგეს, აქედან ერთი ბონუსით და ჯგუფის ლიდერები არიან. ‘ლელო-სარასენსმა’ პირველი ორი თამაში მცირედით დათმო, ერთი კვირის წინ კი, მანამდე დაუმარცხებელ ‘ლოკომოტივს’ ასევე მცირედით სძლია.

დარჩენილი ორი თამაში 8 ნოემბერსაა ჩანიშნული. 15 საათზე პატარძეულის ‘ვეფხვები’ რუსთავის ‘ხარებს’ მარტყოფში მასპინძლობს. პატარძეულელებმა პირველ ტურში სენსაციური გამარჯვების შემდეგ, ორივე შეხვედრა დათმეს, ‘ხარებმა’ კი სამ თამაშში მხოლოდ ორი ბონუსი აიღო. ეს გუნდები ჯგუფის აუტსაიდერები არიან და მოწინავე სამეულში შესასვლელად, ერთმანეთთან ქულების მაქსიმუმის აღებას ეცდებიან.

17 საათზე ‘ლოკომოტივი’ ‘იუნკერებს’ „ავჭალაზე“ ეთამაშება. „რკინიგზელებმა“ ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, გადადებული თამაში ‘ლელოსთან’ დათმეს. ‘იუნკერებმა’ სამივე თამაშში ბოლომდე იბრძოლა და ორში გამარჯვება მოიპოვა, რითაც მესამე ადგილზე გამაგრდა და ‘ლოკომოტივს’ მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

 

„ა“ ჯგუფი

6 ნოემბერი

ლელო არენა. 15 საათი

ლელო-სარასენსი – აკადემია

 

8 ნოემბერი

მარტყოფი. 15 საათი

ვეფხვები – ხარები

ავჭალა. 17 საათი

ლოკომოტივი – იუნკერები

 

ფოტო: მ.გაგნიძე