დიდი 10 | ლოკომოტივი 8:26 ყაზბეგი

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ 8-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ თბილისის ‘ლოკომოტივს’ 4 უპასუხო ლელო გაუტანა და გორში ბონუსით, 26:8 გაიმარჯვა.

‘ყაზბეგმა’ განვლილი 5 თამაშიდან 4 მოიგო, ჯამში 19 ქულას მოუყარა თავი და ხუთი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ‘ლოკომოტივი’ ჯერაც მოგების გარეშეა და ერთი ნუგეშ-ქულით ბოლო, მე-10 ადგილს იკავებს.

გორში თამაში „რკინიგზელების“ შეტევებით დაიწყო და მათ მოლს ჯერ გიორგი ჯამბურიძეს სინბინი მოყვა, მერე კი ლუკა სახელაშვილის ლელო. ოთარ ტალახაძეს მე-13 წუთზე გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა. სახელაშვილმა ზურგქარით ისარგებლა და მე-19 წუთზე ჯარიმით ანგარიში 8:0 გახადა, მაგრამ ამის შემდეგ ნომინალურმა მასპინძლებმა ქულა ვეღარ აიღეს. თამაში რომ განახლდა სინბინით დიმა ხურცილავა დაისაჯა და ‘ყაზბეგმა’ რიცხობრივი უპირატესობა 4 წუთში გამოიყენა.

ძალისმიერი ლელო სინბინიდან დაბრუნებულმა ჯამბურიძემ გაიტანა, ტალახაძემ კი გარდასახა. ნელ-ნელა სტეფანწმინდელების უპირატესობა გამოიკვეთა და სწრაფმა უკანახაზელებმა ხაზი რამდენჯერმე გაჭრეს. 37-ე წუთზე ნიკა გიგაურმა ფეხით გადაიკიდა ბურთი, მას თავად დაეუფლა და ლელოთი საკუთარი გუნდი დააწინაურა. ტალახაძემ ესეც გარდასახა – 14:8.

‘ყაზბეგის’ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ანგარიში დიდი ხნის განმავლობაში არ შეცვლილა. 63-ე წუთზე ‘ლოკომოტივი’ კიდევ ერთხელ დარჩა კაცნაკლული. ხშირი ჯარიმების გამო ყვითელი ბარათი რამაზ ბენდელიანმა მიიღო და სტეფანწმინდელებმა 2 წუთში ორი ლელო გაიტანეს – 5-მეტრიანი შერკინებიდან ბურთი ხაზზე გავიდა, ოთარ ტალახაძემ შეუტია და კონტაქტის მიუხედავად მიზანს მიწვდა. თამაში რომ განახლდა ლუკა ალიბეგაშვილმა მარცხენა ფრთაზე სამი მბოჭავი ჩამოიცილა და მისი ლელოს შემდეგ ანგარიში 26:8 გახდა.

დარჩენილ დროში ‘ლოკომოტივმა’ სცადა პასუხის გაცემა, მაგრამ ‘ყაზბეგმა’ თავი დაიცვა და ბონუსი შეინარჩუნა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკა გიგაური გახდა.

 

ფოტო: თაკო კიკალიშვილი