დიდი 10 | ლოკომოტივი 7:37 ლელო

‘ლელომ’ დედაქალაქურ დერბიში ‘ლოკომოტივს’ „ხვამლი არენაზე“ 37:7 სძლია, ბონუსიც აიღო და 21 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გამაგრდა.

მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზელები ნომინალური მასპინძლები იყვნენ, დიდ დიღმელები თავიდანვე დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას და ნელ-ნელა ის ანგარიშში ასახეს. მე-14 წუთზე რატი შანიძემ მოედნის ცენტრში სუფთად გაჭრა ხაზი, 22-იანთან საბა ნიკოლაშვილს სისწრაფეში დროული პასი გაუკეთა და მანაც ანგარიში ლელოთი გახსნა. გიორგი ასათიანმა გარდასახვის გარდა შესვენებამდე სამი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 16:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ლელომ’ დერეფნიდან კარგი მოლი ააგორა და თენგიზ ზამთარაძემ ლელო ჩვეულ სტილში გაიტანა. 61-ე წუთზე ‘ლოკომოტივმა’ შეძლო მეტოქის მოლის შეჩერება, თუმცა ბურთი სწრაფად გავიდა ხაზზე, ის ბექა მამუკაშვილმა სისწრაფეში მიიღო და მესამე ლელო გაიტანა. ასათიანმა გარდასახვები ზუსტად შეასრულა და ანგარიში 30:0 გახდა.

‘ლოკომოტივმა’ პრესტიჟის ლელო 69-ე წუთზე გაიტანა. მანამდე მათ მოლს სანდრო მამამთავრიშვილის სინბინი მოყვა, ლელო კი გიორგი კერვალიშვილმა მიითვალა და ვახტანგ კავთიძემ სასწრაფოდ, არეკნით გარდასახა. ლელომ მეოთხე ლელო მალევე გაიტანა და ბონუსი დაიბრუნა. თორნიკე კახოიძე ფეხით გადაკიდებულ ბურთს მიყვა, ოვალი მცველს ხელიდან ააცალა და ძელებსშუამდე ირბინა, საბა ნიკოლაშვილმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო მამამთავრიშვილი გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი