დიდი 10 | ლოკომოტივი 39:28 არესი

თბილისის ‘ლოკომოტივმა’ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა „რკინიგზელების“ გამოფხიზლება დაგვიანებულია.

საწყის 14 მატჩში განცდილი მარცხების ფონზე, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი დარჩენილ 4 მატჩში უმოტივაციოდაა დარჩენილი, რადგან ბოლო ადგილს და შესაბამისად, პირველ ლიგაში დაქვეითებას, თავს ვეღარ დააღწევს. მიუხედავად ამისა, ‘ლოკომოტივმა’ ბოლომდე იბრძოლა და ‘არესს’ უხვქულიან მატჩში 39:28 სძლია, რაშიც საბა ხურცილავას ფეხ-ჩუბინობას დიდი წვლილი მიუძღვის.

‘არესი’ დისციპლინაში მოიკოჭლებდა, რითაც კარგად ისარგებლა ხურცილავამ და 6 ჯარიმა გაიტანა. მთლიანობაში, თამაში უხეში გამოდგა და მსაჯ გელა ლემონჯავას ორივე გუნდიდან 3-3 მორაგბის გასინბინება მოუხდა.

„ავჭალის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართული მატჩის დებიუტში ‘ლოკომოტივი’ ჯარიმით დაწინაურდა, რაზეც ‘არესმა’ ხელდახელ შეტევებით უპასუხა და ჯერ ტალატალა ტოკაიმბაი დაისაჯა ყვითელი ბარათით, მერე კი სოლომონ რაზმაძემ ლელო გაიტანა და გიორგი თევდორაძემ გარდასახა. ქუთაისელების ლიდერობა მხოლოდ 2 წუთს გაგრძელდა, მერე ეპელი რატამბაკაკამ კარის წინ ხაზი გაგლიჯა და მისი ლელო ხურცილავამ გარდასახა.

მე-16 წუთზე ყვითელი ბარათი ნუგზარ გელაშვილმა მიიღო და ‘ლოკომოტივი’ 3 წუთით მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩა, თუმცა მასპინძლებმა თავი დაიცვეს, ხოლო 21-ე წუთზე, ჯერ კიდევ კაცნაკლულებმა, ფორვარდების დარტყმებით ნაბიჯ-ნაბიჯ წაიწიეს წინ და რამაზ ბენდელიანის ლელო ხურცილავამ გარდასახა. ‘არესმა’ მეტოქის მოლში დაძვრა ვერ მოახერხა, მაგრამ გიორგი თავაძემ დროზე გაიტანა ბურთი, სივრცე შენიშნა, ხაზი სუფთად გაჭრა და ლელო გაიტანა, თევდორაძემ გარდასახა.

28-ე წუთზე ხურცილავამ ჯარიმით უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა. გავიდა ორი წუთი და ‘არესის’ მოლი ბაქარ ბურჯალიანის ლელოთი დასრულდა, თევდორაძემ კი გარდასახვით სტუმრებს ერთქულიანი უპირატესობა მოუპოვა, მაგრამ განახლდა თუ არა თამაში, სტუმრებს ხურცილავამ ჯარიმით უპასუხა. ტაიმის მიწურულს ყვითელი ბარათი პაატა ზედაშიძემ მიიღო და შესვენების წინ ‘ლოკომოტივმა’ მორიგი ლელო გაიტანა. გაწითლებულ დროზე ‘არესმა’ თავისივე ნახევარზე საკუთარი დერეფანი წააგო, რასაც მასპინძლების სწრაფი კონტრშეტევა, მორკინალების დარტყმების სერია და ტოკაიმბაის ლელო მოყვა, ხურცილავამ კი გარდასახა – 30:21.

მეორე ტაიმის დასაწყისში ყვითელი ბარათი ‘არესის’ ბურჯმა გიგა კობახიძემ მიიღო და ‘ლოკომოტივმა’ მორიგი ჯარიმა გაიტანა. 47-ე წუთზე კაცნაკლულმა ქუთაისელებმა დააშვებინეს მასპინძლებს შეცდომა, გიორგი თავაძემ ხაზი გაჭრა და ლელო ნიკა ძნელაძემ გაიტანა. ცოტნე კვესელავამ გარდასახა და სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა, თუმცა დარჩენილ დროში ხურცილავამ კიდე ორი ჯარიმა გაიტანა და საკუთარ გუნდს სეზონში პირველი გამარჯვება მოაპოვებინა – 39:28.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ლოკომოტივის’ შერკინების შემკვრელი რამაზ ბენდელიანი გახდა. მისი გუნდი 8 ქულით ბოლო ადგილზეა და ‘აკადემიას’ 18-ით ჩამორჩება. მარცხის მიუხედავად ‘არესი’ 36 ქულით საფლეიოფო მეექვსე ადგილზე რჩება.