დიდი 10 | ლოკომოტივი 31:7 ვეფხვები

თბილისის ‘ლოკომოტივმა’ დიდი 10-ის გარდამავალი სეზონის მესამე ტურში პატარძეულის  ‘ვეფხვებს’ „ავჭალაზე“ უმასპინძლა და ბონუსით, 31:7 დაამარცხა.

რკინიგზელებს მეორე ტურში გუნდში კოვიდ-ინფექციის დაფიქსირების გამო არ უთამაშიათ. ამრიგად, მათ ორიდან ორი მოგება აქვთ და ჯამში 9 ქულით „ა“ ჯგუფის ლიდერ ‘აკადემიას’ გაუტოლდნენ, რომელიც რუსთავის ‘ხარებს’ ხვალ მასპინძლობს. ‘ვეფხვებმა’ პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ბონუსით ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო და ჯერჯერობით მესამე ადგილს ინარჩუნებს.

‘ლოკომოტივი’ თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და ტაიმის დასაწყისსა და მიწურულს, ორი ლელო გაიტანა. ანგარიში შუამარბმა ნიკა ჩიღვინაძემ ლელოთი მე-6 წუთზე გახსნა, ხოლო 34-ეზე თავი კვაჭმა ირაკლი ქვათაძემ გამოიჩინა. ბექა წიკლაურმა გარდასახა – 12:0.

 

 

მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ქვათაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო ტაიმის შუაში კარის წინ ხაზი ვასკა ყველაიძემ გაჭრა. წიკლაურმა ორივე გარდასახა. 70-ე წუთზე ‘ვეფხვებმა’ ერთი ლელო გაქვითა. 5 ქულა დაჩი ელერდაშვილის ანგარიშზეა, ხოლო გარდასახვა ნიკა ბეჟუაშვილმა გაიტანა. ‘ლოკომოტივმა’ ბონუს-ქულით არ გარისკა, მირიან ქარჩახიამ 76-ე წუთზე მასპინძელთა მეხუთე ლელო გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 31:7.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თბილისელთა კვაჭი ირაკლი ქვათაძე დასახელდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე