დიდი 10 | ლოკომოტივი 27:47 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ უხვქულიან მატჩში თბილისის ‘ლოკომოტივს’ 47:27 სძლია, ბონუსიც აიღო და გამოტოვებული მატჩის გათვალისწინებით, ფლეი ოფში უკეთესი პოზიციით გასვლის შანსს ინარჩუნებს.

რუსთაველებს 16 თამაშიდან 45 ქულა აქვთ, მე-5 ადგილზე არიან, მესამე პოზიციას 4 ქულა აშორებთ და 22 აპრილს გამოტოვებულ მატჩს ქუთაისის ‘აიასთან’ გამართავენ. ‘ლოკომოტივს’ 29 ქულა დარჩა, მე-8 პოზიციაზეა და მართალია ფლეი ოფში ვერ შევა, მაგრამ არც დაქვეითება ემუქრება.

დებიუტში ანგარიში რამაზ ხარაზიშვილმა ჯარიმით გახსნა, თუმცა 26-ე წუთამდე ‘ლოკომოტივმა’ 4 ლელო მიიღო. მათგან სამი ხელდახელ შეტევებს მოყვა – გიორგი პეტრიაშვილმა დუბლი შეასრულა, ერთი ლელო გიორგი კოშაძემ გაიტანა, ერთხელ კი საჯარიმო ლელო დაფიქსირდა. 30-ე წუთზე ლაშა გედეხაური ფეხით შეცურებულ ბურთს შეყვა და ერთი ლელო გაქვითა, ტაიმის ბოლოს კი მაყურებელმა კიდევ თითო-თითო ლელო იხილა – თავი ჯერ ჟორა მღებრიშვილმა გამოიჩინა ხელდახელ შეტევის შემდეგ, მერე ფარნა გასვიანმა მოლის შემდეგ და ‘ხარებმა’ ტაიმი 33:15 მოიგო.

მეორე ტაიმში მორიგეობით ოთხი ლელო გავიდა. რუსთაველებმა ორჯერ გაზარდეს უპირატესობა და თბილისელებმა ორჯერ უპასუხეს. 52-ე წუთზე გურამ ქანდაურაშვილმა გაჭრა ხაზი და ლელოში გიორგი ნათელაშვილი შეუშვა; 67-ე წუთზე ხელდახელ შეტევის შემდეგ ლელო უკვე გაგა არაბულმა გაიტანა; 72-ე წუთზე ძელებსშუა ბურთი ლევან ნარიმანიძემ დაამიწა, ხოლო 78-ეზე თავი რამაზ ხარაზიშვილმა გამოიჩინა.

‘ხარებმა’ თამაში 47:27 მოიგო, საუკეთესო მოთამაშე კი ვაჟა ხუციშვილი გახდა.

 

ფოტო: ზურა მაჩიტიძე