დიდი 10 | ლოკომოტივი 24:34 ყოჩები

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ „ავჭალაზე“ 34:24 სძლია და დიდი 10-ის მოწინავე ექვსეულში ბოლოდან მეოთხე ადგილამდე დაწინაურდა.

‘ყოჩებს’, რომელსაც 16 ქულა აქვს, გამოტოვებული მატჩი აქვს ‘იუნკერებთან’ და მას 2 ქულით უსწრებს, ‘ლოკომოტივს’ კი 13 ქულა აქვს. გარდა ამისა, ბოლნისელებს გამოტოვებული მატჩის მოგებით მესამე ადგილზე შეუძლიათ ასვლა – ‘აკადემიას’ 19 ქულა აქვს.

‘ყოჩები’ დებიუტში ნიკა ასათიანის ჯარიმით ჩამორჩა, თუმცა პირველ ტაიმში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა. მათ ჯერ კონტრშეტევაზე დაიჭირეს მეტოქე და რადგან მცველმა ბურთს ხელი არ გაუშვა, საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. 25-ე წუთზე მათი ხელდახელ შეტევა ირაკლი გეგენავას ლელოთი დასრულდა, რომელმაც თამაში თავის თავზე აიღო და ორმაგი ბოჭვის მიუხედავად მიზანს მიაღწია.

35-ე წუთზე ლაშა მალაღურაძემ მეტოქის 22-ში ჯარიმა გაათამაშა და ხელით შეუტია, თემურ ჭიჭინაძემ ბურთი ნიკა რეხვიაშვილს ამოუგდო და მან მესამე ლელო გაიტანა. შესვენების წინ ‘ყოჩებმა’ მეტოქეს ფეხბურთში აჯობა, მერე კონტრშეტევა გაშალა და ლელო უკვე თავად ჭიჭინაძემ მიითვალა, რეხვიაშვილმა კი გარდასახა – 24:3.

მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ბებიაშვილმა მეტოქის 22-თან გადაცემა ჩაჭრა და ლელო ასათიანმა გარდასახა. იქვე ირაკლი გეგენავამ საპასუხოდ გაჭრა ხაზი და დუბლი შეასრულა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. 52-ე წუთზე თავისი მეორე ლელო ბებიაშვილმაც გაიტანა და ასათიანმა გარდასახა, მაგრამ 64-ე წუთზე ‘ლოკომოტივის’ იმედები შეცვლაზე შესულმა კოტე მარჯანიშვილმა გაანელა, რომელიც ფეხით გადაკიდებულ ბურთს მიყვა და ლელოში დაამიწა.

რკინიგზელებმა ბოლომდე იბრძოლეს, გაწითლებულ დროზე მოლი ააგორეს და გიორგი გეგიამ ლელო გაიტანა, ასათიანმა კი გარდასახა – 24:34. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლაშა მალაღურაძე გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი