დიდი 10 | ლოკომოტივი 21:28 ბათუმი

‘ბათუმმა’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ თვალსასეირო მატჩში 28:21 სძლია და მინიმუმ ორი დღით სატურნირო ცხრილის თავში მოექცა.

ზღვისპირელები კვირას, ‘იუნკერებისა’ და ქუთაისის ‘აიას’ თბილისურ მატჩს დაელოდებიან და თუ სტუმრებმა ვერ მოიგეს, ლიდერობას შეინარჩუნებენ.

‘ბათუმმა’ ზედიზედ მეცხრე თამაში მოიგო, აქედან ხუთი ზედა ექვსეულის გუნდებთან და ჯამში 21 ქულა მოაგროვა. მეორე ეტაპის მესამე ტურში ის ‘ლოკომოტივს’ „შევარდენზე“ ეწვია და მაყურებელმა სანახაობრივი თამაში იხილა.

შეხვედრის დებიუტში სტუმრებმა მასპინძლები წნეხში მოაქციეს, თავის ნახევრიდან ბურთი წამოიღეს, დავით ტრაპაიძე ფრთაზე გაიქცა და ბურთის თამაშში დატოვება სცადა, რაც გამოუვიდა კიდეც და ბექა ურჯუკაშვილმა ლელოთი ანგარიში პირველსავე წუთზე გახსნა, მამუკა ნინიძემ კი რთული პოზიციიდან გარდასახა. ‘ლოკომოტივმა’ ფიზიკურობის ხარჯზე შეძლო მეტოქის ნახევარზე გადასვლა და ბექა წიკლაურს შორიდან ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ მერე მეტოქის გადაცემას ჩაუსაფრდა, 21-ე წუთზე ბურთი ჩაჭრა და ლელო თავადვე გარდასახა.

თამაში მასპინძლების იერიშებით გაგრძელდა, მათ კარგი მოლი დააყენეს, საიდანაც გიორგი გეგიამ შეუტია და ძალისმიერი ლელო გაიტანა, წიკლაურმა კი გარდასახა. ‘ბათუმმა’ მეორე ტაიმის დასაწყისში, ხელდახელ სწრაფი თამაშით კვლავ მოიპოვა უპირატესობა, 46-ე წუთზე ანზორ სიჭინავამ მარცხენა ფრთაზე კარგად შეუტია და მორკინალივით იარა, მერე საქმეში ფორვარდები ჩაერთვნენ და მიხეილ წიკლაურმა ლელო გაიტანა, ხოლო ურჯუკაშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

სამიოდე წუთში სტუმრებმა მეტოქეს საკუთარ 22-ში გამოსტაცეს ბურთი და კონტრშეტევა წამოიწყეს, ფეხით გადაკიდებული ოვალი მიწამ სიჭინავასთვის იდეალურად აისხლიტა, შეტევაში ზურაბ თუთბერიძე ჩაერთო და ლელომდე საკუთარი ნახევრიდან ირბინა. ნინიძემ რთული პოზიციიდან კვლავ გარდასახა და ‘ბათუმი’ 21:14 დაწინაურდა.

მეორე ტაიმის შუაში ბათუმელებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შეუტიეს, ვანო ფუტკარაძემ ლელო გაიტანა და ნინიძემ გარდასახა. რადგან ბონუსის აღების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, ბრძოლა ბოლო წუთამდე გაგრძელდა და ამით ‘ლოკომოტივმა’ იხეირა. საფინალო სასტვენის წინ, მათმა მონდომებამ შედეგი გამოიღო, ფარნა გასვიანმა მოლი ლელოთი დაასრულა, ვახტანგ კავთიძემ კი გარდასახა და სხვაობის 7 ქულამდე შემცირებისთვის, მასპინძლებს ნუგეშის ბონუსი შეხვდათ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი თხილაიშვილი გახდა.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი