დიდი 10 | ლელო 29:22 აკადემია

დედაქალაქურ დერბიში ‘ლელომ’ ‘აკადემიას’ 29:22 სძლია და სეზონი გამარჯვებით დაიწყო.

თამაში მაღალ ტემპში, ხელდახელ ბურთაობით დაიწყო და პირველი სახიფათო იერიშები ‘აკადემიამ’ განახორციელა, მაგრამ ქულა ვერ აიღო. ‘ლელოს’ პასუხმაც არ დააყოვნა და 22-ში აგორებულ მოლს ლევან პაპიძის ლელო მოყვა, რომელიც ბექა მამუკაშვილმა გარდასახა. ამავე ეპიზოდში ‘აკადემიამ’ სინბინით გიორგი გოგლიძე დაკარგა. მე-13 წუთზე დერეფნის შემდეგ ირაკლი ბეგაძემ ხაზი გაჭრა, მას სანდრო მარგიანი მიყვა და ლელოდან ორიოდე მეტრში აკადემიელთა შეტევა მამუკაშვილის სინბინით დასრულდა.

სანდრო მარგიანს ბევრი არ უფიქრია და ხელსაყრელი პოზიციიდან 3 ქულა აიღო. მაგრამ სტუმრებმა მასპინძელთა მოლს ვერაფერი მოუხერხეს და მე-16 წუთზე საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, თანაც ყვითელი ბარათი ბეგაძემ მიიღო. 22-ე წუთზე ‘აკადემიამაც’ გამოაჩინა ძალა, ახლა თავად დააყენა მოლი და ბოლო მომენტში მას გელა მახარაშვილი მოწყდა. მარგიანმა გარდასახა. სტუმრებმა ბურთზე კონტროლი დაამყარა, მაგრამ შეცდომები მოუმრავლდა და შესვენებამდე ქულა ვეღარ აიღო, ‘ლელომ’ კი ტაიმის მიწურულს მორიგი მოლი ააგორა და ბექა ბერუაშვილმა მასპინძელთა მესამე ლელო გაიტანა – 19:10.

მამუკაშვილს გარდასახვა კი გაუცუდდა, თუმცა შეცდომა მეორე ტაიმში გამოასწორა, როდესაც მოლის შემდეგ რაქიდან გამოტანილი ბურთი 5-მეტრიანში მიიღო და ხაზი გაჭრა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ ‘ლელოს’ უპირატესობა 16 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ ‘აკადემიამ’ შეძლო დაბრუნება. მათ ტეპმს უმატეს და წნეხი გააძლიერეს, მერე ბურთი ფრთაზე ჩათამაშდა და ვანო ბურდული ვეღარავინ შეაჩერა.

64-ე წუთზე რამაზ ნიქაბაძემ ყვითელი ბარათი მიიღო და ‘აკადემიამ’ რიცხობრივი უპირატესობით 4 წუთში ისარგებლა. სტუმრებმა 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ მოლი დააყენეს და ის ლევან ლომაურის ლელოთი დასრულდა, ხოლო მარგიანმა გარდასახა და სხვაობა 4 ქულამდე დავიდა. ‘ლელომ’ შეძლო დარჩენილი დროის მეტოქის ნახევარზე გატარება, დიტო კალანდაძემ 78-ე წუთზე არეკნი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 29:22.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლევან პაპიძე გახდა, ‘აკადემია’ კი ნუგეშის ქულით დაკმაყოფილდა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე