დიდი 10 | ლელო 27:7 ყაზბეგი

თბილისის ‘ლელო სარასენსმა’ ‘ყაზბეგს’ 27:7 მოუგო და 16 საცხრილო ქულით მეორე ადგილზე აღზევდა.

მასპინძლებისთვის ეს მეოთხე გამარჯვებაა დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში (5 თამაშიდან). დებიუტანტმა ‘ყაზბეგმა’ კი მიჯრით მეხუთე შეხვედრა დათმო და პირველ ტურში მოპოვებული ნუგეშ-ქულის ამაარა.

დიდ დიღომში თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო და მე-14 წუთზე ანგარიში გაიხსნა. ‘ყაზბეგი’ საკუთარი 22-იდან ფეხით მოგერიებისას შეცდა, რამაზ ნიქაბაძე ბურთს დაეუფლა და ორ მბოჭავს გაცდა, ბოლოს კი გიორგი მარგალიტაძეს ოფლოუდი გაუხერხა და მისი ლელო დიტო კალანდაძემ გარდასახა. შესვენებამდე კალანდაძემ ერთი ჯარიმაც გაიტანა და ტაიმი 10:0 დასრულდა.

შეხვედრა რომ განახლდა ‘ლელომ’ მოლი ააგორა და ლევან პაპიძემ ლელო გაიტანა, კალანდაძემ კი გარდასახვით უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა. ‘ყოჩებს’ პირველი ტაიმის მიწურულს ლელოს გატანამდე სულ ცოტა დააკლდა, მეორე ტაიმის შუაწელს კი საწადელს უწია. სანდრო მამამთავრიშვილის სინბინის გამო, ‘ლელო’ კაცნაკლული თამაშობდა, მეტოქის მოლი ვეღარ შეაჩერა და მირიან ჩქარეულმა ლელო გაიტანა, მერაბ კვირიკაშვილმა კი გარდასახა.

64-ე წუთზე ‘ყაზბეგს’ მეორე ლელოს გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ნიკოლოზ გიგაური ფრთაზე ფეხით შეცურებულ ბურთს ვერ დაეწია. ‘ლელომ’ საპასუხოდ ხელდახელ შეუტია და ახლა ‘ყაზბეგი’ დარჩა კაცნაკლული. ყვითელი ბარათი ნიკა ნაჭყებიამ მიიღო, კალანდაძემ კი ჯარიმით უპირატესობა გაზარდა. მერე ყვითელი ბარათი ვაჟა მაისურაძემაც მიიღო და ‘ლელომ’ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა. გაგა ქევხიშვილის გარღვევის შემდეგ, მასპინძლებმა ფრთაზე მეტობა გაითამაშეს და ბექა ყორიაულმა ლელო გაიტანა, გიორგი ასათიანმა კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 27:7.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ლელოს’ მგეზავი რატი შანიძე გახდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე