დიდი 10 | ლელო 25:33 ხარები

რუსთავის ‘ხარებმა’ დიდ დიღომში უშუალო კონკურენტ ‘ლელოს’ 33:25 სძლია და 19 საცხრილო ქულით მეორე პოზიციაზე დაბრუნდა.

რუსთაველები გასულ ტურში კიდევ ერთ კონკურენტ ‘არესთან’ დამარცხდნენ, თუმცა ამ თამაშს უფრო მობილიზებული შეხვდნენ და მასპინძლებს კარში დარტყმების ხარჯზე მოუგეს. ზოგადად, შეხვედრა უხეშობით გამოირჩა, ხშირი იყო ჯარიმები და მსაჯს 6-ჯერ მოუწია ყვითელი ბარათის ამოღება.

‘ხარებმა’, კერძოდ მათმა ფულბეკმა გიორგი პეტრიაშვილმა, რომელსაც დღეს კარში დატყმების კუთხით 100%-იანი მაჩვენებელი ქონდა, საწყის 20 წუთში სამი ზუსტი დარტყმა შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი, 9-ქულიანი უპირატესობა მოუტანა. მესამე ჯარიმიდან ერთი წუთი იყო გასული, როდესაც სანდრო მამამთავრიშვილმა ხაზი გაჭრა, ბურთი თენგიზ ზამთარაძეს გაატანა და მანაც მარცხენა ალამთან შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

5 წუთში ლელო სტუმრებმაც გაიტანეს, გიორგი ნარიმანიძე ფეხით შეცურებულ ბურთს შეყვა, ის მისდა სასიკეთოდ ახტა, ბოლო მცველს გასცდა და პეტრიაშვილმა გარდასახვით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 33-ე და 38-ე წუთებზე ‘ხარებმა’ სინბინით გიორგი შარვაშიძე და გიორგი ძმანაშვილი დაკარგა, თუმცა ლელოს დაცვა მაინც მოახერხა და უკვე გაწითლებულ დროზე დიტო კალანდაძემ კარის წინიდან იოლი 3 ქულა მოიხვეჭა – 8:16.

კაცნაკლულმა რუსთაველებმა მეორე ნახევრის დებიუტში ჯარიმა გაიტანეს, ხოლო 50-ე წუთზე, უკვე სრული შემადგენლობით შეტევა გაშალა და გიორგი გოგოლაძეს ლელოს კვლავ ზუსტი გარდასახვა მოყვა. მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა უკვე სოლიდური იყო, 58-ე წუთზე ‘ლელომ’ ჯარიმა კარში დაარტყა და გიორგი ასათიანმა სხვაობა 15 ქულამდე დაიყვანა (11:26).

მალე ‘ლელო’ დარჩა მოედანზე 13 კაცის ამარა. ორი წუთის ინტერვალით ყვითელი ბარათები დავით აბდუშელიშვილმა და ბექა ბერუაშვილმა მიიღეს, რასაც ‘ხარების’ მოლი და გოგუაძის დუბლი მოყვა. რუსთაველებს ბონუსის აღების შანსი გაუჩნდა, მაგრამ დასკვნით 10 წუთში გაგა ქევხიშვილმა ორი თითქმის ერთნაირი კომბინაცია ორი ლელოთი დაასრულა და ასათიანმაც ორივე გარდასახა. ამავე პერიოდში რუსთაველთაგან ყვითელი ბარათები გივი გვარამიძემ და გურამ ქანდაურაშვილმა მიიღეს, თუმცა სტუმრებმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს და თანაც ისე, რომ ‘ლელოს’ ნუგეშიც არ შეხვდა – 25:33.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ნარიმანიძე (‘ხარები’) გახდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე