დიდი 10 | ლელო 25:26 ლოკომოტივი

დიდი 10-ის მე-16 ტურის დასკვნით შეხვედრაში, ‘ლოკომოტივმა’ თბილისურ დერბიში ‘ლელოს’ 26:25 სძლია და ტრადიციულ მეტოქეს მესამე ადგილზე აღზევების შესაძლებლობა არ მისცა.

„ლელო არენაზე“ მასპინძლები გიორგი ასათიანის ჯარიმით დაწინაურდნენ და მალე გაგა ქევხიშვილმა უპირატესობა ლელოთი გაამყარა, ასათიანმა კი გარდასახვით უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა, თუმცა ბექა წიკლაურმა სამი ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ტაიმის ბოლოს ასათიანმა თავისი მეორე ჯარიმა გაიტანა და შესვენებაზე ‘ლელო’ 4-ქულიანი უპირატესობით გავიდა – 13:9.

‘ლოკომოტივმა’ 49-ე წუთზე მოლი გაგა არაბულის ლელოთი დაასრულა და წინ გავიდა, რასაც წიკლაურის ზუსტი გარდასახვა მოყვა. 57-ე წუთზე რკინიგზელები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ (გიორგი კერვალიშვილი სინბინში) და რიცხობრივი უპირატესობა მასპინძლებმა ორ წუთში გატანილ ორ ლელოში ასახეს. პირველ შემთხვევაში მოლი სანდრო ზუბაშვილის ლელოთი დასრულდა, თამაშის განახლებისთანავე კი, 80-მეტრიანი შეტევა ლამაზი ლელოთი დასრულდა: მოლმა 20 მეტრი იარა, გაგა ქევხიშვილი ფრთაზე სამ მბოჭავს დაუსხლტა, შეტევა ცენტრისკენ სწრაფად გაიშალა და ბექა მამუკაშვილის ლელო ასათიანმა გარდასახა (25:16).

 

ჯერ კიდევ კაცნაკლულმა ‘ლოკომოტივმა’, 66-ე წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შეუტია, იქიდან გამოსული ბურთი თორნიკე ტურაშვილმა მიიღო, გაგლეჯვაზე ითამაშა და ლელო გაიტანა. წიკლაური გარდასახვიდან ზუსტი იყო. 72-ე წუთზე რკინიგზელები კვლავ კაცნაკლული (რამაზ ხარაზიშვილი სინბინში) დარჩნენ, თუმცა ჯარიმა გამოიმუშავეს, მატჩის საუკეთესო მოთამაშე წიკლაურმა 47 მეტრიდან გაიტანა და ‘ლოკომოტივი’ 26:25 დაწინაურდა.

გაწითლებულ დროზე ‘ლელომ’ მოლით სცადა ლელოს გატანა და ხაზიც გადაკვეთა, მაგრამ ბურთის დამიწება ვერ მოახერხა და სტუმრებმა გამარჯვება იზეიმეს. ‘ლოკომოტივი’ 29 ქულით მე-8 ადგილზეა, ‘ლელო’ კი 44 ქულით მე-4 პოზიციაზეა და ერთით ჩამორჩება ‘აკადემიას’.

 

ფოტო: ანი რეხვიაშვილი