დიდი 10 | ლელო-სარასენსი 45:14 არმაზი

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ ქვედა ექვსეულის გადადებულ მატჩში მარნეულის ‘არმაზს’ 45:14 სძლია და დიდ 10-ში თამაში ოფიციალურად დაიბევა.

დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა 7 ლელო გაიტანეს და ბონუსიც აიღეს. ახლა ‘ლელო’ 30 ქულით მეორე ადგილზეა და 5 ქულით უსწრებს ქუთაისის ‘არესს’, რომელსაც დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის. გარდა ამისა, თბილისელები დასკვნით ტურში გორის ‘ჯიქს’ მასპინძლობენ და ბონუსით მოგება პრაქტიკულად იმთავითვე გარანტირებული აქვთ.

‘არმაზს’ უძლიერესთა შორის დასარჩენად უცილობლად მოგება ჭირდებოდა. ასე კი, ის 18 ქულით მეოთხე ადგილზე დარჩა, ‘არესს’ 7 ქულით ჩამორჩება, რისი აღმოფხვრაც ერთ ტურში შეუძლებელია და შედეგად, მარნეულელები ახალ სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებენ (პატარძეულის ‘ვეფხვებთან’ და გორის ‘ჯიქთან’ ერთად).

რაც შეეხება ‘არესს’, დასკვნით ტურში რუსთავში ‘ხარებთან’ მისი შეხვედრა აღარაფერს წყვეტს. ქუთაისელები პირველი ლიგის მეორეადგილოსან თბილისის ‘არმიას’, უძლიერესთა შორის დასარჩენად შინ და გარეთ ერკინებიან, ოღონდ დიდი 10-ის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ.

განვლილ შეხვედრაში ‘ლელო-სარასენსი’ ‘არმაზს’ პრაქტიკულად ყველა კომპონენტში სჯობდა და მატჩის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყვიტა. დებიუტში დემე თაფლაძემ ცენტრის სიახლოვეს, მარჯვენა ფრთაზე გაჭრა ხაზი და ლელოში აკა ტაბუცაძე შეუშვა, მაგრამ ვიდეო-რეფერიმ მანამდე წინთამაში დააფიქსირა და ლელო სამართლიანად გააუქმა.

მერე ბექა მამუკაშვილს გაუცუდდა გასატანი ჯარიმა, თუმცა სტუმრებმა მაღალ ტემპში თამაში გააგრძელეს, თენგიზ პერანიძემ მეტოქის 22-ში ხაზი გაჭრა და ანგარიში მე-9 წუთზე გახსნა. მე-17 წუთზე ‘ლელოს’ ტრადიციული მოლი ლელოთი თენგიზ ზამთარაძემ დაასრულა. 26-ეზე ჯაბა სიხარულიძემ კარის წინ რაქიდან შეუტია, შებოჭილმა არჩილ აბესაძეს ოფლოუდი ამოუგდო და მესამე ლელო გავიდა. ორიოდე წუთში მასპინძლებმა საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ შეუტიეს და იერიში ოთარ ლაშხის ლელოთი დასრულდა, ხოლო ტაიმის მიწურულს ტაბუცაძე მბოჭავს დაუსხლტა და დუბლი შეასრულა. მამუკაშვილმა პირველი ოთხი ლელო გარდასახა – 33:0.

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, სანდრო სვანიძემ ერთი ლელო გაქვითა. სტუმრებმა შეტევები განაგრძეს, ‘ლელო’ უკვე საკუთარ 22-ში შეცდა და 48-ე წუთზე ბესო ბარბაქაძემ მეორე ლელოც გაიტანა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა ორივე გარდასახა. ‘ლელომ’ მე-60-ე წუთზე მოლით უპასუხა და აბესაძემ, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, თავისი მეორე ლელო გაიტანა, ხოლო საბოლოო წერტილი დემე თაფლაძემ დასვა. 74-ე წუთზე მან კარის წინ შეუტია და ორმაგი ბოჭვის მიუხედავად ლელო გაიტანა, მამუკაშვილმა კი გარდასახა – 45:14.

 

ფოტო: ლევან ვერძეული