დიდი 10 | ლელო-სარასენსი 27:6 აკადემია

თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ დიდი 10-ის გარდამავალი ჩემპიონატის მეოთხე ტურში თბილისის ‘აკადემიას’ 27:6 სძლია და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.

‘აკადემია’ მეოთხე ტურამდე დაუმარცხებლად მოვიდა და ჯერჯერობით პირველ ადგილს ინარჩუნებს.

შეხვედრა აკადემიელების შეტევებით დაიწყო, მათ ხელდახელ იერიშით მეტოქის 22-ში შეაღწიეს, ჯარიმა გამოიმუშავეს და დავით მოძღვრიშვილმა მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა. საბა ნიკოლაშვილს ორ წუთში შეეძლო პასუხის გაცემა, მაგრამ 40 მეტრიდან ჯარიმა ვერ გაიტანა.

მე-17 წუთზე ‘ლელო-სარასენსი’ ლამაზი ლელოთი დაწინაურდა. რატი შანიძემ ფეხით ბურთი ფრთაზე გადაკიდა, ნიკა ბაგაშვილს ის პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა და მისი ლელო ნიკოლაშვილმა გარდასახა. ‘აკადემიამ’ კარგი შეტევით უპასუხა და კარის წინ 5 მეტრში ჯარიმა გამოიმუშავა, მაგრამ 3 ქულას შერკინება არჩია და თავად დაჯარიმდა.

 

 

ტაიმის დასკვნით 5 წუთში ინციატივას კვლავ ‘ლელო’ დაეუფლა და ნიკოლაშვილმა ჯერ ჯარიმა გაიტანა, დასკვნით წუთზე კი, ჯაბა სიხარულიძის გარღვევისა და მეტოქის 5-მეტრიანში რამდენიმე ფაზის შემდეგ, თენგიზ ზამთარაძემ მასპინძელთა მეორე ლელო გაიტანა. ნიკოლაშვილი გარდასახვიდან ზუსტი იყო – 17:3.

მეორე ტაიმი ‘აკადემიას’ შეტევებით დაიწყო და ლელოს გატანის შანსიც იყო, მაგრამ მარტო დავით მოძღვრიშვილის ჯარიმას გამორჩა. 56-ე წუთზე სტუმრებმა ცენტრის სიახლოვეს დაკარგეს ბურთი, ის ნიკა ბაგაშვილმა აიტაცა და ლელომდე ირბინა. გარდასახვა დიტო კალანდაძემ შეასრულა, 72-ეზე კი, ნიკოლაშვილმა ერთი ჯარიმაც გაიტანა და ‘ლელო-სარასენსმა’ ბონუსით გაიმარჯვა – 27:6.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დიტო კალანდაძე დასახელდა.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე