დიდი 10 | ლელო-სარასენსი 21:24 იუნკერები

კიკეთის ‘იუნკერებმა’, ისე, როგორც პირველ წრეში, ‘ლელო-სარასენსს’ გამარჯვების ლელო ბოლო წუთზე გაუტანა და „ა“ ჯგუფში მეორე ადგილზე დაბრუნდა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა დრამატული, სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. დიდ დიღომში თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა შეძლეს თამაშში დაბრუნება და საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება.

შეხვედრა 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ლევან პაპიძემ ლელო გაიტანა და ‘ლელო’ დააწინაურა. დიტო კალანდაძის გარდასახვას რამაზ ხარაზიშვილმა ჯარიმით უპასუხა. მერე ‘ლელო’ მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მაგრამ ოთარ ლაშხმა გადაცემა ჩაჭრა და დაახლოებით 70 მეტრი ირბინა. მას ლელოდან 5 მეტრში გიორგი ყუფარაძე წამოეწია და შებოჭა, თუმცა შემტევმა ოფლოუდი მოახერხა და ბექა მამუკაშვილის ლელო კალანდაძემ გარდასახა – 14:3.

თამაში რომ განახლდა მასპინძლებმა სინბინით კიდევ ერთი მოთამაშე დაკარგეს და ლაშა საჯაიამ პირველი საპასუხო ლელო გაიტანა. ხარაზიშვილმა გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა და ტაიმი 14:13 დასრულდა.

რამაზმა 52-ე წუთზე ჯარიმით სტუმრები დააწინაურა, 56-ე წუთზე კი, საჯაიამ დუბლი გაახერხა და ‘იუნკერების’ უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა. მალე ‘ლელომ’ წითელი ბარათით დემე თაფლაძე დაკარგა და 20 წუთი კაცნაკლულმა ითამაშა, თუმცა 75-ე წუთზე რატი შანიძემ თავისი გუნდის მესამე ლელო გაიტანა და კალანდაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გამარჯვება მასპინძლებს უფრო სჭირდებოდათ, მაგრამ ბოლოსწინა წუთზე დაჯარიმდნენ, ხარაზიშვილმა მორიგი 3 ქულა აიღო და ‘იუნკერებს’ 24:21 მოაგებინა. შედეგად, კიკეთელები 22 ქულით მეორე ადგილზე არიან, ‘ლელო’ კი 17 ქულით მეხუთე ადგილზე რჩება.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი კურტანიძე გახდა.

 

ფოტო: ლევან ვერძეული