დიდი 10 | ლელო-სარასენსი 19:17 ლოკომოტივი

‘ლელო-სარასენსმა’ მატჩის მიწურულს გატანილი ჯარიმით ‘ლოკომოტივი’ 19:17 დაამარცხა და დიდი 10-ის ახალ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.

ეს იყო მეორე ტურის გადადებული მატჩი. დედაქალაქური დერბი კარგი საყურებელი გამოდგა. ორივე გუნდი ცდილობდა მაღალ ტემპში ეთამაშა. შეხვედრა ‘ლელოს’ შეტევებით დაიწყო, მაგრამ ანგარიში ‘ლოკომოტივმა’ ბექა წიკლაურის ჯარიმით გახსნა. ბექა აბულაშვილმა ჯარიმით მე-13 წუთზე უპასუხა, ტაიმის შუაში კი, მასპინძლებმა ბურთი მარცხენა ფრთაზე სწრაფად ჩაათამაშეს და დიტო კალანდაძემ ლელო გაიტანა. აბულაშვილმა გარდასახვის შემდეგ, ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა – 13:3.

 

 

მეორე ტაიმში ‘ლოკომოტივმა’ შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება. ‘ლელო’ 20 წუთის განმავლობაში ახერხებდა ლელოს დაცვას, მერე კი ფორვარდების მიძალებას ვეღარ გაუმკლავდა და ვახტანგ ქვათაძის ლელო წიკლაურმა გარდასახა. 71-ე წუთზე აბულაშვილმა ჯარიმით მასპინძელთა უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა, მაგრამ ‘ლოკომოტივმა’ სწრაფად დაიბრუნა ბურთი, მოლი რამდენჯერმე ააგორა და 76-ე წუთზე ირაკლი ქვათაძემ ლელო გაიტანა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვით ‘ლოკომოტივი’ დააწინაურა. განახლდა თუ არა თამაში ‘ლოკომოტივი’ დაჯარიმდა, აბულაშვილმა 23 მეტრიდან გაიტანა და ‘ლელო-სარასენსმა’ სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა, ‘ლოკომოტივი’ კი პირველად დამარცხდა – 19:17.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ბექა ყორიაული დასახელდა.

 

ფოტო: ანი ბერთლანი