დიდი 10 | იუნკერები 30:28 ხარები

‘იუნკერებმა’ გაწითლებულ დროზე გატანილი ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, რამაზ ხარაზიშვილმა გარდასახა და დიდი 10-ის დებიუტანტმა ვიცე-ჩემპიონი რუსთავის ‘ხარები’ 30:28 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა ორჯერ შეძლეს ჯერ 14 და მერე 8-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა.

თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო, მაგრამ სტუმრებმა საწყის წნეხს გაუძლეს, მერე თავად გადავიდნენ შეტევაზე, ორჯერ შეცვალეს შეტევის ფრთა და ლელო მე-15 წუთზე ერეკლე მაჭარაშვილმა მარჯვენა ალამთან გაიტანა, ხოლო ვაჟა ხუციშვილმა გარდასახა. რუსთაველებმა დერეფნიდან რამდენჯერმე შეუტიეს, 25-ე წუთზე მოლით დარჩენილი მეტრები დაფარეს და გიორგი ხაბაშვილის ლელო ხუციშვილმა გარდასახა – 0:14.

‘იუნკერებმა’ შეტევაში გააგრძელა ბედის ძებნა, სამჯერ ჯარიმა გამოიმუშავა, რამაზ ხარაზიშვილმა ორი გაიტანა და ჩამორჩენა 8 ქულამდე დაიყვანა. მეორე ტაიმის 15 წუთი ‘ხარებმა’ კაცნაკლულმა ითამაშა და ორი ლელო გაუშვა. 46-ე წუთზე მასპინძელთა პირველი ლელო გიორგი ჟღენტმა გაიტანა, ხოლო 54-ე წუთზე ბონდო ლომიძე რამდენიმე მცველს გასცდა და ცენტრში დადებული ლელოთი ‘იუნკერები’ დააწინაურა. ხარაზიშვილმა ორივე გარდასახა და ანგარიში 20:14 გახდა.

შემადგენლობის შევსების შემდეგ ‘ხარებმა’ თამაში დაალაგა და 65-ე წუთზე ლიდერობა დაიბრუნა. სწრაფი, ხელდახელ თამაშით, მათ მეტოქის დაცვა მოარღვიეს და ხანგრძლივი შეტევა ლელოთი ირაკლი პურიჭამიაშვილმა გაიტანა, ხოლო ხუციშვილმა გარდასახვა გაიტანა. მატჩი რომ განახლდა სტუმრებმა ხელდახელ შეტევა თავისი ნახევრიდან წამოიწყეს, დათო თაბუკაშვილმა და გიორგი ნათელაშვილმა ცენტრალური ხაზი ბურთაობით გადალახეს, ბოლოს საქმეში ხუციშვილი ჩაერთო და თავისივე ლელო გარდასახა.

‘იუნკერები’ არ გატყდა და ხარაზიშვილმა შანსი რომ მიიღო, 72-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა. ამან მის გუნდს საშუალება მისცა, რომ ბოლო წუთებზე გამარჯვებისთვის ეთამაშა და გაწითლებულ დროზე ასეც მოხდა. მასპინძლებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან ორჯერ დააყენეს მოლი, მეორე ჯერზე ჯაბა კიკვიძემ ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ხარაზიშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა და ‘იუნკერებმა’ სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვეს – 30:28.