დიდი 10 | იუნკერები 13:14 აია

ქუთაისის ‘აიამ’ კიკეთის ‘იუნკერებს’ ზედა ექვსეულის მესამე ტურში 14:13 სძლია და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა.

„ავჭალაზე“ გამართულ მატჩზე წვიმამ დიდი გავლენა იქონია. გუნდები ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდნენ, ხშირი იყო ჯარიმები და თამაშმა სანახაობრივი მხარე დაკარგა.

‘აიამ’ ანგარიში გიორგი ბაბუნაშვილის ჯარიმით დებიუტშივე გახსნა. ტაიმის შუაში სტუმრები შეცდნენ, რითაც რამაზ ხარაზიშვილმა ისარგებლა, ბურთს ფეხი წაკრა და ლელოში დამიწება მცველს წამის მეასედით დაასწრო. ‘იუნკერების’ კაპიტანმა, რომელმაც გუნდის ყველა ქულა მოიპოვა, გარდასახვა თავადვე შეასრულა.

‘აიამ’ კარგი შეტევით უპასუხა და თანახმა იყო ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაეყვანა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა, მას კვლავ ქუთაისელები დაეუფლნენ და მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ლელო ნოდარ ჭეიშვილმა გაიტანა. შესვენებამდე ხარაზიშვილმა და ბაბუნაშვილმა ზუსტი დარტყმები გაცვალეს და სტუმრები 11:10 დაწინაურდნენ.

მეორე ნახევრის დასაწყისში ხარაზიშვილს ცენტრიდან ჯარიმა გაუცუდდა. ტაიმის შუაში, ორი წუთის ინტერვალით ბაბუნაშვილმა და ხარაზიშვილმა ჯარიმები გაცვალეს და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. ‘აიამ’ 14:13 მოიგო და ‘ბათუმს’ ქულით გადაასწრო. ‘იუნკერებს’ ბონუსი ერგო, 10 ქულით ‘ყოჩებს’ გაუტოლდა და მას დამატებითი მაჩვენებლით გადაასწრო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მიხეილ ბაბუნაშვილი გახდა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე