დიდი 10 | ვეფხვები 20:15 ლელო-სარასენსი

2020/2021 წლების დიდი 10-ის „ა“ ჯგუფის სადებიუტო მატჩში, უძლიერესთა შორის დაბრუნებულმა პატარძეულის ‘ვეფხვებმა’, თბილისის ‘ლელო-სარასენსთან’ 12-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა – 20:15.

ამრიგად, ახალი სეზონის პირველ მატჩებში, პირველი ლიგიდან დაწინაურებულ გუნდებთან დამარცხდა გასული, შეწყვეტილი სეზონის ორივე ლიდერი (გუშინ ‘არესმა’ ქუთაისში ‘ბათუმს’ 17:15 სძლია).

რადგან პატარძეულის სარაგბო სტადიონმა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, ‘ვეფხვები’ მეტოქეს თელავში, „კავკასიონი არენაზე“ დაუხვდა. ეს იყო დიდი 10-ის პირველი მატჩი, რომელსაც ამ სტადიონმა უმასპინძლა.

‘ლელო-სარასენსი’ შერკინებაში უპირატესობას ფლობდა. დერეფანში ორივე გუნდი სცოდავდა, თუმცა მასპინძლებს უფრო მეტი შეცდომა ჰქონდათ და ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ. მე-10 წუთზე ბექა მამუკაშვილს ჯარიმა გაუცუდდა, მერე რატი შანიძის ფეხით თამაშის შემდეგ, ნიკა ბაგაშვილის ლელო ვიდეო-რეფერიმ გააუქმა, 30-ე წუთზე კი პატარძეულელები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ, ლალე სურამელი სინბინით დაისაჯა და ‘ლელო-სარასენსმა’ უპირატესობა 12 უპასუხო ქულად გარდასახა.

სინბინიდან მალევე ‘ვეფხვები’ 5-მეტრიანი შერკინებების შემდეგ საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, ხოლო 35-ე წუთზე თბილისელებმა მოლი დაძრეს, ბურთის გამოტანის შემდეგ შანიძემ ხაზი გაჭრა, რაქიდან ლევან პაპიძემ ითამაშა და ლელოში შევიდა – 0:12.

 

 

 

მეორე ტაიმი ‘ვეფხვებმა’ უკეთ დაიწყეს. მათი ნახევრიდან ფეხით მოგერიებული ბურთი აუტში ‘ლელოს’ ლელოდან 5 მეტრში გადავიდა, სტუმრებმა ბურთი ცუდად ააგდეს, ის ხელებში ზაურ შაქარაშვილს ჩაუვარდა და ლელო გაიტანა, ნიკოლოზ ბეჟუაშვილმა კი გარდასახა. მალე ‘ლელო-სარასენსი’ მეორე ტაიმში პირველად შევიდა მეტოქის 22-ში, ჯარიმა გამოიმუშავა და მამუკაშვილმა 3 ქულა უპრობლემოდ აიღო.

ტაიმის შუაში ვიდეო-რეფერიმ მურაზ გიორგაძის ლელო გააუქმა. სამაგიეროდ ჯარიმა ბეჟუაშვილმა გაქვითა, 67-ე წუთზე კი, სტუმრები ჰაერში თამაშისას შეცდნენ, ბურთს გიორგაძე დაეუფლა და თავისი წილი ლელო მაინც გაიტანა, ბეჟუაშვილმა კი გარდასახვით ‘ვეფხვები’ დააწინაურა. 73-ე წუთზე ბეჟუაშვილმა ჯარიმაც გაიტანა საკუთარი გუნდის უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა. გაწითლებულ დროში პატარძეულელები კიდევ ერთხელ დარჩნენ კაცნაკლული და ‘ლელო’ მოლით ლელოში შევიდა, თუმცა მანამდე გვერდითი ხაზი გადაკვეთა და ‘ვეფხვებმა’ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა – 20:15.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე პატარძეულის ‘ვეფხვების’ ფრთა გიორგი კოტორაშვილი გახდა.

 

ფოტო: მარიამ გაგნიძე