დიდი 10 | ვეფხვები 17:34 იუნკერები

კიკეთის ‘იუნკერებმა’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ „შევარდენზე“ 34:17 სძლია და მეორე ეტაპზე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ეს იყო პირველი ეტაპის ბოლო ტურის მატჩი „ა“ ჯგუფში. კახელებს 9-მატჩიანი წაგებების სერიის შეწყვეტა სურდათ და თუ ამას მოახერხებდნენ და მერე ‘იუნკერები’ ქვედა სამეულში დარჩებოდა, ქულები მეორე ეტაპზეც გადაყვებოდათ, მაგრამ კიკეთელებს თავიანთი გეგმები ჰქონდათ.

‘ვეფხვებმა’ ამჯერადაც ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ძალები მხოლოდ პირველი ტაიმისთვის ეყო. არეულ თამაშში გუნდებმა მეტოქის შეცდომები გამოიყენეს და ლელოები გაიტანეს. ანგარიში რამაზ ხარაზიშვილმა ჯარიმით გახსნა, მე-10 წუთზე კი ხაზი იოლად გაჭრა და თავისივე ლელო გარდასახა.

‘ვეფხვებმა’ ლაშა ბრაგვაძის ლელო-გარდასახვით უპასუხა. მანვე ჯარიმაც გაიტანა და სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა, რადგან მანამდე დევი დევსურაშვილმა სტუმართა მეორე ლელო მიითვალა, 30-ე წუთზე კი, ნიკა დიღმელაშვილმა ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ხოლო ბრაგვაძემ მასპინძლები გარდასახვით დააწინაურა.

და მაინც, ტაიმი ‘იუნკერებმა’ გიორგი კურტანიძის ლელოთი 20:17 მოიგო, შესვენების შემდეგ კი კიდევ ორი ლელო გაიტანა. თავი ალექსანდრე საცერაძემ და გუგა შენგელიამ გამოიჩინეს, ხარაზიშვილმა ორივე გარდასახა, დასკვნითი 20 წუთი კი გუნდებმა უქულოდ ჩაამთავრეს. შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ‘იუნკერები’ კი, 31 ქულით პირველ ადგილზეა და ხვალ კონკურენტების თამაშებს ელოდება.

 

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე