დიდი 10 | ვეფხვები 17:31 ლოკომოტივი

თბილისის ‘ლოკომოტივმა’ პატარძეულის ‘ვეფხვებთან’ 12-ქულიანი ჩამორჩენა მეორე ტაიმში აღმოფხვრა და 31:17 გამარჯვებით, მოწინავე სამეულში დაბრუნდა.

იმ შემთხვევაში, თუ ‘ლოკომოტივი’ ქვედა სამეულში დარჩება, ‘ვეფხვებთან’ ურთიერთშეხვედრების შედეგები გუნდებს მეორე ეტაპზე გადაყვებათ. პატარძეულელებმა შანსისთვის ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ მეტოქის შეცდომებით მხოლოდ პირველ ტაიმში ისარგებლეს.

თავის მხრივ, ‘ლოკომოტივს’ მოწინავე სამეულში შესვლის კარგი შანსი აქვს და მათი მონდომება მეორე ტაიმში ოთხ უპასუხო ლელოში აისახა.

მე-8 ტურის გადადებული მატჩი რუსთავში გაიმართა და ნიკა ბეჟუაშვილმა ‘ვეფხვები’ დებიუტშივე დააწინაურა, გარდასახვაც გაიტანა და ტაიმის შუაში მონაგარს ჯარიმა შემატა. ლაშა გედეხაურმა ერთი ლელო 24-ე წუთზე გაქვითა, თუმცა ტაიმის ბოლოს ბიძინა სამხარაძემ პატარძეულელთა მეორე ლელო მიითვალა, ბეჟუაშვილმა გარდასახა და მასპინძლები 17:5 დააწინაურა.

მეორე ტაიმში ‘ლოკომოტივი’ მოედანზე მეტი მონდომებით გავიდა და 47-ე წუთზე საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, 56-ეზე კი ფარნა გასვიანმა წონასწორობა აღადგინა და ბექა წიკლაურის გარდასახვით უკვე სტუმრები დაწინაურდნენ. დასკვნით წუთებში მოედანზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რასაც წითელ-ყვითელი ბარათების სერია მოყვა. 71-ე და 72-ე წუთებზე, გასვიანმა თავისი მეორე, ხოლო ნიკა ასათიანმა გუნდის მეხუთე ლელო გაიტანა და ‘ლოკომოტივს’ წილად ბონუსიც ხვდა, რამაც მას 23 ქულით მესამე ადგილზე აღზევების საშუალება მისცა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დუბლის ავტორი ფარნა გასვიანი გახდა.

5 მარტს „ა“ ჯგუფის კიდევ ერთ გადადებულ მატჩში ‘იუნკერები’ (22 ქულა) ‘ლოკომოტივს’ ეთამაშება, რის შემდეგაც კალენდარი გასწორდება და მე-10, დასკვნითი ტურის მატჩები ჩაინიშნება.