დიდი 10 | დიდი ფინალი ქუთაისში – 30 წლის შემდეგ

დიდი 10-ის 2020/2021 წლების ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში, ხვალ, 12 ივნისს 17 საათზე, ქუთაისის ‘აია’ ‘ბათუმს’ მშობლიურ „აია არენაზე“ ერკინება.

ქუთაისს აქამდე გადამწყვეტი მატჩისთვის ერთადერთხელ, 30 წლის წინ უმასპინძლია. მაშინ ‘აია’ ‘ვესტას’ დაუხვდა, 11:6 დაამარცხა და დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

სულ ‘აიამ’ დამოუკიდებლობის ხანაში 3-ჯერ მოიპოვა ოქროს (1990, 1991, 1995) მედლები, 4-ჯერ ვერცხლი (1992, 1997, 2011, 2018) და 3-ჯერ ბრინჯაო (1993, 1994, 2013). ბოლოს ქუთაისელებმა გადამწყვეტ მატჩში 3 წლის წინ ითამაშეს, „ავჭალაზე“ ‘ლოკომოტივთან’ 10:29 დამარცხდნენ და ვერცხლს დასჯერდნენ.

‘ბათუმი’ (2004 წლამდე ‘დათვები’) მომავალ მეტოქეს ორი ბრინჯაოთი ჩამორჩება – 3 ოქრო (1999, 2002, 2019), 4 ვერცხლი (1998, 2001, 2009, 2017) და 1 ბრინჯაო (2004). ის მოქმედი ჩემპიონია – პანდემიამდე (რომელმაც გასული ჩემპიონატი ჩაშალა), 2019 წლის ფინალში, რუსთავის ‘ხარებს’ „ბათუმი არენაზე“ 36:11 სძლია და მესამედ მოიპოვა ოქროს მედლები, ახლა კი ტიტულის დაცვას ქუთაისში, მასპინძლებთან ეცდება.

გზა ფინალამდე

დიდი 10-ის გარდამავალი ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ეს გუნდები ერთ ჯგუფში მოხვდნენ და ორჯერ უკვე ითამაშეს. შარშან, 12 დეკემბერს, ‘აიამ’ მეტოქე „აია არენაზე“ მიიღო და 27:19 დაამარცხა. განმეორებითი შეხვედრა 27 თებერვალს ბათუმში შედგა და მასპინძლებმა რევანში აიღეს – 22:13.

პირველ ეტაპზე ‘აიამ’ 10-იდან მხოლოდ ორი თამაში დათმო და 38 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. ‘ბათუმი’ მას 1 მოგებით ჩამორჩა და 34 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. მეორე ეტაპზე ზღვისპირელებმა ყველა თამაში მოიგეს, ქუთაისელებმა ერთი შეხვედრა დათმეს, თუმცა ‘აიამ’ მეტოქეს 1 ქულით გაასწრო და 36 ქულით რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

სწორედ ეს გახდა იმის საწინდარი, რომ დიდ ფინალს ქუთაისი მასპინძლობს!

ფინალამდე, მომავალმა ფინალისტებმა ნახევარფინალები ითამაშეს და დამაჯერებლად მოიგეს. ‘აია’ ბოლნისის ‘ყოჩებთან’ თავიდანვე დომინირებდა და 31:12 გაიმარჯვა, ხოლო ბათუმმა ‘აკადემია’ მეორე ნახევარში გატეხა – 28:13.

რეგლამენტი

რეგლამენტის თანახმად, ფინალური მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნება ორი დამატებითი 10-წუთიანი ტაიმი.

თუ ისევ ფრე დაფიქსირდა, გამარჯვებულად გამოცხადდება გუნდი, რომელსაც: ა) ფინალურ შეხვედრაში, დამატებითი დროის ჩათვლით, გატანილი ექნება მეტი ლელო; ბ) მიიღებს ნაკლებ ბარათს (ჯერ წითელი, მერე ყვითელი; გ) ფლეი ოფის დაწყებამდე დაიკავა უკეთესი ადგილი (ამ შემთხვევაში ‘აია).

მოლოდინები

ფინალურ მატჩს ორივე გუნდი სრულად მობილიზებული ხვდება. ‘ბათუმი’ ქუთაისში მატჩამდე ორი დღით ადრე ჩავიდა და პარასკევს „აია არენაზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართა.

გუნდის მწვრთნელი დავით გუგუშვილი იმედოვნებს, რომ მისი შეგირდები 2019 წელს მოპოვებული ტიტულის შენარჩუნებას მოახერხებენ:

„ქუთაისში მატჩამდე ორი დღით ადრე ჩამოვედით, დავისვენეთ და დღეს დილით კაპიტნის ვარჯიში გვქონდა. მინდვრის საფარი იმაზე უკეთესია, ვიდრე წინა პერიოდში იყო. რაც შეეხება მზადებას, ფაქტობრივად სამი კვირაა შეკრებაზე ვართ, ძირითადი სამუშაო გავიარეთ და იმედიანად ველოდებით ფინალს. რთული შეხვედრა გველოდება, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით კარგი თამაშით რაგბის ქომაგის გახარებას და ფინალში გამარჯვებით ტიტულის დაცვას“.

„საკუთარ კედლებში თამაში უპირატესობასთან ერთად წნეხიცაა. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ქომაგისთვისაც თამაშობ და ტრიბუნები გამხნევებენ, მაგრამ ეს პასუხისმგებლობასაც ზრდის. ვთვლი, რომ ორივე გუნდი იმსახურებს ფინალში თამაშს და გამარჯვებული დამსახურებული ჩემპიონი გახდა“.

„სამწუხაროდ, გვყავს ტრავმირებულები – საბა შუბითიძე და გიორგი გოგიტიძე. სათუოა ბექა მამრიკიშვილისა და ლაშა ხმალაძის თამაში. ვინც არ უნდა გავიდეს მოედანზე, ყველამ იცის თავისი საქმე და ვფიქრობ, ამოცანას თავს გაართმევენ. რეგულარულ ჩემპიონატში ქუთაისში დავმარცხდით, მაგრამ წინ ფინალია, სადაც ყველა მაქსიმუმს დებს და ეს გუნდების შანსებს ათანაბრებს. ამ ქალაქში ადრეც მოგვიგია და ვიმედოვნებ, ამას ხვალაც მოვახერხებთ“.

თავის მხრივ, ‘აიას’ მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე მოხარულია, რომ ფინალური მატჩი მის მშობლიურ ქალაქში ჩატარდება:

„ქუთაისელი გულშემატკივარი რაგბში კარგადაა გათვითცნობიერებული და ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია ფინალური მატჩის მასპინძლობა. რეგულარულ გათამაშებაში პირველი ადგილის დაკავება სწორედ იმიტომ გვსურდა, რომ ამ ზეიმის მასპინძლები ვყოფილიყავით და დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენს ქალაქს ეს შესანიშნავი დღე აჩუქა, მით უმეტეს, რომ ‘აიამ’ ფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვა“.

„ჩვეულებრივზე მეტი მონდომებით ვემზადებით. ყველას კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული რამდენად მნიშვნელოვანია ფინალი, მით უმეტეს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. გრძელვადიანი ტრავმებიდან არავინ დაგვმატებია, თუმცა ნახევარფინალის შემდეგ ყველა მორაგბე მწყობრშია“.

„გავიხსენეთ პირველ ეტაპზე ‘ბათუმთან’ ჩატარებული შეხვედრები და ვნახეთ რამ განაპირობა სხვაობა წაგებასა და მოგებას შორის. ბათუმში შეხვედრა დისციპლინის გამო დავთმეთ, ამ მხრივ პრობლემები გვქონდა ნახევარფინალშიც, სადაც 4 ყვითელი ბარათი მივიღეთ. ამას ‘ბათუმი’ არ გვაპატიებს და ვეცდებით ფინალში დისციპლინას მეტი ყურადღება მივაქციოთ“.

 

ფოტო: აჩიკო გეგენავა, გიორგი კილაძე