დიდი 10 | ბათუმი 33:13 ხარები

დიდი 10-ის მე-12 ტურის პირველ მატჩში, ლიდერმა ‘ბათუმმა’ რუსთავის ‘ხარებს’ 33:13 სძლია და პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.

მესამე ადგილზე მყოფმა რუსთაველებმა მასპინძლებს პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდნენ კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში ქულა ვეღარ აიღეს და ზღვისპირელებმა ბონუს-ქულაც ჩაიწერეს.

თამაშმა ძლიერ ქარსა და წვიმაში ჩაიარა. ხელოვნურსაფარიანი მოედანი გარკვეულ ადგილებში დაიტბორა, რამაც თამაშის ხარისხზე დიდი გავლენა იქონია და ორივე გუნდმა უამრავი შეცდომა დაუშვა. ქაოტურ თამაშში პირველად სტუმრებმა იხეირეს, გიორგი ნარიმანიძემ მოულოდნელად ხაზი გაჭრა და ლელოთი ანგარიში გახსნა. გიორგი პეტრიაშვილმა გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაიტანა და ‘ხარები’ 10 ქულით დააწინაურა.

‘ბათუმმა’ მე-16 წუთზე მოლით უპასუხა და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ხვიჩა ბუჯიაშვილმა ლელო გაქვითა. 28-ე წუთზე გიორგი გოგოლაძის (ხარების ბურჯი) სინბინის შემდეგ, მასპინძლებმა კიდევ ერთი ძალისმიერი შეტევა წამოიწყეს და რამდენიმე ეპიზოდში ლელომდე სანტიმეტრები დააკლდათ, მაგრამ მერე ხაზზე გაიტანეს ბურთი და ვიტალი ირემაძემ ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ხოლო მამუკა ნინიძემ გარდასახვით თავისიანები დააწინაურა.

‘ხარებმა’ პეტრიაშვილის ჯარიმით ლიდერობა მალევე დაიბრუნა, მაგრამ ცოტა ხნით – შესვენების წინ მიწიდან ასხლეტილი ბურთი ირემაძის ნადავლი გახდა და დუბლი უპრობლემოდ შეასრულა, ნინიძემ კი გარდასახვით ტაიმის შედეგი დააფიქსირა – 19:13.

მეორე ტაიმიც შეცდომების ფონზე წარიმართა. ‘ხარებს’ ჯარიმით შეეძლო ჩამორჩენის შემცირება, თუმცა ლელოზე თამაში არჩია და უქულოდ დარჩა. ‘ბათუმმა’ დასკვნით მეოთხედში იმძლავრა, გიორგი მენაბდემ მეტოქეს მისსავე 22-ში ხელიდან გამოსტაცა ბურთი, ის ზურაბ ძნელაძეს კარის წინ გადაუგდო და მანაც მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა. 10 წუთში ძნელაძე უკვე ფეხით გადაკიდებულ ბურთს შეყვა და დუბლი მანაც შეასრულა, ნინიძემ კი ორივე გარდასახა – 33:13.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ვიტალი ირემაძე გახდა. ‘ბათუმს’ 53 ქულა მოუგროვდა და მდევარს უკვე 14 ქულით უსწრებს. ‘ხარებს’ 33 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე რჩება, თუმცა მის მდევრებს ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ.