დიდი 10 | ბათუმი 26:10 აკადემია

მატჩის ფოტოები

ქვეყნის ჩემპიონმა და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა ‘ბათუმმა’, დიდი 10-ის მე-12 ტურის მატჩში თბილისის ‘აკადემიას’ მეორე ტაიმში პირწმინდად აჯობა, ჯამში ერთის წილ 4 ლელო გაუტანა და 2020 წელი გამარჯვებით დაიწყო.

თამაში სტუმართა შეტევებით დაიწყო და ისინი მე-10 წუთზე დაწინაურდნენ. დავით მოძღვრიშვილს ორი ჯარიმა გაუცუდდა, მერე კი ბათუმელმა მცველებმა ფეხით გადაკიდებული ბურთი საკუთარ 22-ში ვერ აიღეს, ის გიორგი მიქანაძემ აიტაცა და ლელო მოძღვრიშვილმა გარდასახა. ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა მოახერხეს მეტოქის წნეხში მოქცევა, 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ მოლი დააყენეს და ვაჟა თაგაურმა ლელო გაქვითა, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო.

‘აკადემიამ’ მეორე ტაიმის მე-11 წუთზე მოძღვრიშვილის მიერ გატანილი ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ ამის შემდეგ ‘ბათუმმა’ თამაშის მსვლელობა საბოლოოდ გარდატეხა, სამი ლელო გაიტანა და 26:10 მოგებით, ბონუსიც ჩაიწერა.

ზღვისპირელები 57-ე წუთზე დაწინაურდნენ. მათ თამაში ააჩქარეს, ყველა ჯერზე შეძლეს უპირატესობის ხაზის გადალახვა, დაცვა აირია და მარჯვენა ალამთან ლელო გიორგი გოგიტიძემ გაიტანა, ხოლო ბექა ურჯუკაშვილმა გარდასახა – 12:10.

64-ე წუთზე ბათუმელებმა კიდევ ერთი თანმიმდევრული შეტევა განახორციელეს, მცველებმა გადაწყობა ვეღარ მოასწრეს და ვანო ფუტკარაძის ლელო ურჯუკაშვილმა გარდასახა. გავიდა 5 წუთი და ლელო უკვე კობა ჯიმშელეიშვილმა გაიტანა. ლაშა ხმალაძემ ხაზი გაჭრა და ორი ოფლოუდის შემდეგ მიზანს ჯიმშელეიშვილმა უწია, ხოლო ურჯუკაშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.